
მნიშვნელოვანი პროცესები მიმდინარეობს სამხრეთ კავკასიაში - ათწლეულების განმავლობაში არსებული დაპირისპირება სომხეთ-აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებით სრულდება. შეთანხმების ტექსტი მზადაა, თუ მხარეები დოკუმენტს ხელს მოაწერენ, დასრულდება კონფლიქტი, რომელმაც ორი ომი, ძალიან ბევრი შეტაკება და ორივე მხარეს ათასობით მსხვერპლი მოიტანა.
დოკუმენტის სახელწოდებაა "შეთანხმება სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთა შორისი ურთიერთობების დამყარების შესახებ". პირობები ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუმცა ოფიციალური პირების განცხადებებიდან ირკვევა, რომ სომხეთი მზადაა დათანხმდეს აზერბაიჯანის იმ შეთავაზებას, რაზეც აქამდე თავს იკავებდა. საუბარია სომხეთის კონსტიტუციის ცვლილებაზე, რომლის მიხედვითაც ოფიციალური ერევანი მეზობელი აზერბაიჯანის ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს, რაც ბაქოსთვის მთიანი ყარაბაღის აზერბაიჯანის ნაწილად აღიარებას ნიშნავს.
მთიანი ყარაბაღი, სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ათწლეულების განმავლობაში იყო დავის საგანი და შეიარაღებული დაპირისპირების მიზეზი. კონფლიქტი სომხეთ-აზერბაიჯანს შორის 1988 წლიდან იწყება. სხვადასხვა ეტაპზე შეიარაღებულმა დაპირისპირებებმა ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. მთიანი ყარაბაღიდან ათასობით ადამიანი კი იძულებით გადაადგილებული პირი გახდა.
2020 წელს ე.წ. 44 დღიანი ომის დროს, აზერბაიჯანმა იმ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაიბრუნა, რომელსაც 1990-იანი წლებიდან, ერევნის მხარდაჭერით ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ. კონფლიქტი მაშინ აზერბაიჯანის პრეზიდენტის, სომხეთის პრემიერ-მინისტრის და რუსეთის პრეზიდენტის სამმხრივ შეთანხმებაზე ხელმოწერით დასრულდა.
აღნიშნულმა ომმა მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა არა მხოლოდ ომში ჩართულ ქვეყნებზე, არამედ მთლიანად რეგიონზე და რეგიონში არსებულ ძალთა ბალანსზე. ყარაბაღის მეორე ომის გავლენებზე საუბრისას უნდა აღინიშნოს საქართველოს კონტექსტი.
ჩვენი ქვეყნის მედიაციით შედგა შეთანხმება ტყვეთა გაცვლაზე! საქართველოს შუამავლობით დადებული ხელშეკრულების ფარგლებში სომხეთმა აზერბაიჯანს იმ დანაღმული ტერიტორიების რუკები გადასცა, რომელსაც კონფლიქტამდე აკონტროლებდა და დამარცხების შემდეგ ბაქოს კონტროლქვეშ გადავიდა. ამავე შეთანხმების თანახმად, აზერბაიჯანმა სომხეთს 15 სამხედრო ტყვე გადასცა. მედიაციისთვის მაშინ საქართველომ საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან მადლობაც დაიმსახურა.
ე.წ. 44 დღიანი ომის შემდგომი მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ, 2022 წლის 13 სექტემბერს აზერბაიჯანისა და სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა კვლავ გაუხსნეს ცეცხლი ერთმანეთს და როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთი დაადანაშაულეს ცეცხლის განახლებაში. უკვე 2023 წლის 20 სექტემბერს კი ერთდღიანი სამხედრო ოპერაციის შედეგად აზერბაიჯანმა გამოაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა.
თითქმის ხუთწლიანი მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის შემდეგ, 13 მარტს, აზერბაიჯანი და სომხეთი შეთანხმდნენ ორმხრივი სამშვიდობო შეთანხმების დოკუმენტზე, რომელმაც რეგიონში გრძელვადიანი მშვიდობა უნდა უზრუნველყოს. შეთანხმება, მედიის ცნობით, არ მოიცავს „ზანგეზურის დერეფნის“ მოთხოვნას - რაც ბაქოს მოთხოვნებს შორის რამდენიმე წლის განმავლობაში იყო და რასაც სომხეთი კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა.
სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების დასრულებას გამოხმაურება მთელი მსოფლიოდან მოჰყვა, მათ შორის, საქართველოდან. საგარეო საქმეთა სამინისტრომ სოციალურ ქსელ X-ზე დაწერა, რომ მოლაპარაკებების დასრულება რეგიონში ხანგრძლივი მშვიდობისა და სტაბილურობისკენ გადადგმული ისტორიული ნაბიჯია.