
This is a modal window.
ნახატი ველისციხის ისტორიული სახლის კედელზე, რომელიც შესაძლოა ფიროსმანს ეკუთვნოდეს, თუმცა კვლევებით უნდა დადგინდეს, არის თუ არა ეს მართლაც ნიკალას შემოქმედება. როგორც ცნობილია ნიკო ფიროსმანი ველისციხის დუქანში ხშირად დადიოდა. ისიც ცნობილია, რომ ფიროსმანი ვალებს კედლებზე ხატვით ისტუმრებდა.
ნახატს ქვემოთ წარწერაც აქვს "შენ გვაცხონე, მარანო". ველისციხე განთქმულია უნიკალური და ისტორიული მარნებით. აქ მარანი თითქმის ყველა ოჯახშია, მათი უმრავლესობა კი საუკუნეზე მეტს ითვლის.
გაზაფხულის მოსვლასთან ერთად ვენახებში უკვე ხალხი გამოჩნდა. თოვლიანი თებერვლის შემდეგ უცბად დათბა და ვაზიც უნდა გაისხლას.
ველისციხეში მეღვინეები ერთმანეთს ეხმარებიან. ჰექტრობით ვენახების გასხლვა შრომატევადი საქმეა და სიზუსტესთან ერთად დროსაც მოითხოვს. ადგილობრივების დიდი ნაწილი სწორედ მევენახეობითა და მეღვინეობით ცხოვრობს, შესაბამისად აქ მარანი თითქმის ყველა მეორე ოჯახშია, ამ მარნების უმრავლესობა კი 100 და მეტ წელს ითვლის.
სერგიმ მეღვინეობას ხელი სერიოზულად რამდენიმე წლის წინ მოკიდა. ეს მარანი კომუნისტების პერიოდში გაუქმებული იყო და მისგან მხოლოდ გარკვეული ნაწილი იყო დარჩენილი. როდესაც სერგიმ მარნის მოწესრიგება გადაწყვიტა, აღმოჩნდა რომ აქაურობა უამრავ სიძველეს ინახავდა.
როგორც კედლების ქვების წყობით დადგინდა, მარანი 18-ე საუკუნეშია აგებული. საერთოდ ველისციხის სახლების დიდი ნაწილი საუკუნეს მაინც ითვლის. დღემდეა შემორჩენილი ხელით მოხატული ოთახებიც. ამ ძველი სახლის კედლებს კი უამრავი რამ ახსოვს, ის დროც კი, როდესაც ველისციხეში საქარავნე გზა გადიოდა.
აქვეა გადაღებული ფილმ "ხარება და გოგიას" ეპიზოდიც. სწორედ გადაღებისას რეჟისორმა გიორგი შენგელაიამ ბათქაშის ქვეშ აღმოაჩინა ნახატი, რომელიც დღემდე კამათის საგანია.
ველისციხის სახლებში ასევე ხშირად ნახავთ ჩახერგილ გვირაბებსაც. ეს იყო მესხური დარნების ერთგვარი ანალოგი, რომელიც მტრისგან თავის დასაცავად და სამალავად გამოიყენებოდა.
ალიკა სომხიშვილის სახლიც ძველი შენობის ფუძეზეა აშენებული. ეს საკმაოდ კარგად ჩანს სარდაფში, სადაც ის ღვინოს ინახავს. ასევე ძველი ნაგებობის ფუძეზე ააშენა მარანიც, თუმცა ყველაფერი ზუსტად ისე მოაწყო, როგორც ადრე, ძველ დროში იყო.
აი ასე ინახავენ მეღვინეობის ძველ ტრადიციებს ველისციხეში: ერთად მუშაობენ, ერთად აშენებენ და დამღლელი დღის ბოლოს მარანშიც ერთად იკრიბებიან.
ავტორი: გიორგი ქორქია