
"ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე, ოპოზიციურ სპექტრში შეფასებები გრძელდება.
"ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილის ირგვლივ შექმნილ ფორმატშიც უნდა განისაზღვროს "გონივრული ვადები", ყალბი მოლოდინების შექმნა კი არასწორი და კონტრპროდუქტიულია.
"ჩვენ სხვა პარტიების პოზიციების ფორმირების ფორსირებას ვერ მოვახდენთ. ამგვარი ერთიანობის შექმნას ჩვენ ვემხრობოდით, მიუხედავად იმისა, რომ ყოვლად გაუმართლებელია მისი მხრიდან პრეზიდენტ სააკაშვილის არშეწყალება, თუმცა აქაც, ჩემი აზრით, უნდა განვსაზღვროთ კონკრეტული ვადები, მაგალითად, 31 მარტის სახით, რა დრომდეც ჩვენ მოქალაქეებს ვეტყვით, შედგა თუ არა ერთობის მცდელობა, რადგან ყალბი მოლოდინების შექმნაც არასწორი და კონტრპროდუქტიულია ასეთ ვითარებაში", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
რაც შეეხება "ძლიერი საქართველოს" წევრების პოზიციებს, გრიგოლ გეგელიას შეფასებით, ის, რომ დღეს არსებობს გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, ტრაგიკული არ არის.
"ზოგიერთი პარტიის ზოგიერთ წარმომადგენელს შეიძლება ჰქონდეს განსხვავებული აზრი. ეს მათი საქმეა. მე არ მგონია, ის, რომ ცალკეულ პოლიტიკოსებს გააჩნიათ რადიკალურად განსხვავებული აზრები, ეს რაიმეთი შეაფერხებს კოორდინაციის საერთო ძალისხმევას," - ამბობს გრიგოლ გეგელია.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ. ლევან ხაბეიშვილის და თინა ბოკუჩავას შემდეგ, მწვავე განცხადება გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია. " რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?" - აცხადებს სანიკიძე. გუშინ კი ხაბეიშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს ზურაბიშვილის აზრი და ის აღარ არის პრეზიდენტი.
ეს შეფასებები რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა და ამზადებს ძლიერ კოორდინაციას. ასე არ ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში," სადაც ვერ მალავენ ბრაზს, ვერც იმის გამო, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა.