
მიხეილ სააკაშვილს საქალაქო სასამართლომ დღეს საზღვრის უკანონო კვეთისთვის 4 წელი და 6 თვე მიუსაჯა. 4 წელს დაემატა 8 წლიანი სასჯელი, რომელიც სასამართლომ ექსპრეზიდენტს საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე შეუფარდა და საბოლოო ჯამში მას თავისუფლების აღკვეთა 12 წლით და 6 თვის ვადით განესაზღვრა.
პროკურორ ლევან ვეფხვაძის თქმით, სასამართლომ იმსჯელა და დამნაშავედ სცნო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე და ძირითადად სასჯელად შეუფარდა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა.
"სასამართლომ იმსჯელა და დამნაშავედ სცნო საზღვრის უკანონო გადაკვეთის ფაქტზე და ძირითადად სასჯელად შეუფარდა 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. აქვე, ბრალდების მხარე განმარტავს, რომ იმის გათვალისწინებით, რომ რეციდივი, ანუ ნასამართლევი პირის მიერ იყო ჩადენილი აღნიშნული დანაშაული, სასამართლოს კანონმდებლობის იმპერატიული მოთხოვნით შეეძლო მინიმუმ 4 წლის მისჯა, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ აღიარებდა ჩადენილ დანაშაულს, სასამართლომ მიუსაჯა 4 წელი და 6 თვე. ამის შემდეგ, უკვე სასამართლომ იმსჯელა რამდენიმე დღის წინ გამოტანილ განაჩენთან მიმართებაში, იმის გათვალისწინებით, რომ ორივე ნასამართლევი პირის მიერ იყო ჩადენილი აღნიშნული დანაშაული და ნაწილობრივ შეკრება გამოიყენა, იმ განაჩენით, რომელიც 2025 წლის 12 მარტს დადგა გაფლანგვის საქმეზე, 8 წლით თავისუფლების აღკვეთას დაუმატა ახალი განაჩენი 4 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოო ჯამში გამოვიდა 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, გარდა ამისა, სამი წლით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლებაც," - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.
ავტორი: კესო ქაფიანიძე