18 მარტი 2025,   01:25
ვრცლად
"ფაქტია, არჩევნებამდე ეცდებიან გადალაგდნენ, რომ თავი დაიტოვონ საქართველოს პოლიტიკურ არეალზე" - ლევან მახაშვილი ოპოზიციაზე
Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time 0:00
 
1x
    • Chapters
    • descriptions off, selected
    • subtitles off, selected

      "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერების მხრიდან სალომე ზურაბიშვილის კრიტიკაზე, მმართველ გუნდში შეფასებები გრძელდება. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ თვითმმართველობის არჩევნებამდე პოლიტიკურ ველზე გადალაგებები მოსალოდნელია.

      "რამდენიმე თვის მცდელობების შემდეგ, ამ ადამიანებში თვითგადააზრება მიმდინარეობს როგორც ჩანს, მაგრამ ის პროცესი, რაც მოსალოდნელი იყო ის პროცესი დაწყებულია, რაც გულისხმობს გადალაგებას შიგნით, რომ შეცვალონ ის ერთობები, რაც მანამდე ჰქონდათ, შეიცვალონ პარტიები, დაშალონ და ახალი პარტიები შექმნან, ან ახალი მოძრაობები გარდაიქმნას ახალ პარტიებად. ჩვენ ამ პროცესს უკვე 1 თვეა ვაკვირდებით შიგნიდან, უახლოეს მომავალში სავარაუდოდ საზოგადოება იხილავს ამ ტიპის გადაადგილებებსაც, სალომე ზურაბიშვილისადმი კრიტიკაც შეიძლება ამ ფორმით, ამგვარადაც გავიგოთ, თუმცა დავაკვირდეთ. ფაქტია, რომ არჩევნებამდე ეცდებიან გადალაგდნენ, რომ თავი დაიტოვონ საქართველოს პოლიტიკურ არეალზე იმიტომ, რომ ამ რეალობით და სტრუქტურებით, პოზიციებით, ფაქტია, რომ მათ შედეგებს ვერ მიაღწიეს და ვერ მოიპოვეს საზოგადოებაში მხარდაჭერა", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.

      ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერები სალომე ზურაბიშვილს აკრიტიკებენ. ლევან ხაბეიშვილის და თინა ბოკუჩავას შემდეგ, მწვავე განცხადება გუბაზ სანიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილის პოზიციები უკვე ძალიან სუსტია. "რამეზე შეათანხმა ოპოზიცია? რამეს მოაბა თავი? რამდენი პროექტიც დაიწყო, იმდენი ჩააფლავა, რამე ვალი გვაქვს ამ ქალის?" - აცხადებს სანიკიძე. გუშინ კი ხაბეიშვილმა თქვა, რომ არ აინტერესებს ზურაბიშვილის აზრი და ის აღარ არის პრეზიდენტი.

      ეს შეფასებები რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსთან, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუს მოჰყვა, სადაც ის ამბობს, რომ მისი მიზანი ოპოზიციის გაერთიანება არასოდეს ყოფილა და ამზადებს ძლიერ კოორდინაციას. ასე არ ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში", სადაც ვერ მალავენ ბრაზს ვერც იმის გამო, რომ ზურაბიშვილმა სააკაშვილი არ შეიწყალა.