
პარლამენტის დღევანდელ სესიაზე მეორე მოსმენით უყრიან კენჭს ცვლილებას, რომელიც სამშობლოს ღალატისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხს უკავშირდება.
კანონპროექტის თანახმად, საქართველოს "სისხლის სამართლის კოდექსს" ემატება მუხლი, რომელიც დაარეგულირებს სამშობლოს ღალატისთვის პასუხისმგებლობის საკითხს.
"მაშინდელ ხელისუფლებას ჰქონდა იმის მოლოდინი, რომ შეიძლება თავად ყოფილიყო როდესღაც გასამართლებული ამ მუხლით, სავარაუდოდ, ამიტომ ამოიღეს სისხლის სამართლის კოდექსიდან. ეს მუხლი შემდგომი კვირების განმავლობაში დაბრუნდება კანონმდებლობაში, რითაც ერთი იქნება პრევენციული მექანიზმი, რომ მომავალში არავის თავში არ მოუვიდეს მსგავსი დანაშაულების ჩადენა და მეორე - რომ ყველაფერს დავარქვათ თავისი სახელი", - აცხადებს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი.