
1879 დაკავებული და ასობით დაშავებული - თურქეთში პროტესტი პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის შეტაკებების ფონზე მე-9 დღეა გრძელდება.
დაშავებულ თანამშრომლებზე საუბრობენ შინაგან საქმეთა და იუსტიციის მინისტრებიც. ოფიციალური უწყებების ინფორმაციით, დემონსტრანტების ქმედებების გამო, საპროტესტო აქციებზე 150 სამართალდამცველი დაშავდა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები კი ამბობენ, რომ დაპატიმრების არ ეშინიათ და ქუჩის პარალელურად პოლიტიკურ ფრონტზე ბრძოლას განაგრძობენ. დღესვე, სტამბოლის მუნიციპალურმა საბჭომ, რომელშიც დეპუტატების უმრავლესობა ოპოზიციონერია, მერის მოვალეობის შემსრულებელი აირჩია. ის ქალაქს ახალი მერის არჩევნებამდე, ანუ კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში უხელმძღვანელებს.
სანამ ოპოზიცია თანამდებობებს ინაწილებს და გეგმებს აწყობს, თურქეთის პრეზიდენტი მათ ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს და სამართლებრივ პასუხისმგებლობას ჰპირდება.
ციხეში რჩება სტამბოლის მერი, რომელიც პოლიციამ 19 მარტს დააკავა. ის ერდოღანის მთავარ პოლიტიკურ ოპონენტად განიხილება. სწორედ ექრემ იმამოღლუს დაპატიმრებამ გამოიწვია ქვეყანაში მასობრივი პროტესტი. საპატიმროში რჩებიან აქციებზე დაკავებულებიც, რომელთა შორის ჟურნალისტებიც არიან.