"კურიერი" დღეს იმ პირების საცხოვრებელ მისამართებზე მივიდა, რომლებიც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დააკავეს. მათი ოჯახის წევრები ადგილზე მისულ გადამღებ ჯგუფთან საუბრისგან თავს იკავებენ, მეზობლები კი ამბობენ, რომ დანაშაულის შესახებ არაფერი იციან.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 6 პირი სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აიყვანა. პოლიციამ ნარკოტიკების უკანონოდ გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა რამდენჯერმე განახორციელა. საგამოძიებო უწყებამ დღეს ფარული აუდიო-ვიდეო მასალაც გაავრცელა.
"ჰეროინი", "მეტადონი", "მეფედრონი", "ბუპრენორფინი" , "ალფა-პვპ", და "მარიხუანა" - ეს ნივთიერებები პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად არის ამოღებული. საგამოძიებო ღონისძიების დასრულების შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტრომ ოფიციალური განცხადება გაავრცელა.
წარდგენილ ბრალდებას ნაწილობრივ ეთანხმება ერთ-ერთი დაკავებული. გიორგი კოპალიანის ადვოკატი, "კურიერთან" საუბრის დროს ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ნარკოდამოკიდებულია და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებას პირადი მოხმარებისთვის იყენებდა. საგამოძიებო უწყება, კოპალიანს შეძენა-შენახვასთან ერთად, ნარკოტიკული საშუალების რეალიზაციასაც ედავება.
დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, ბრალდებულებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.