მართლწესრიგის დამრღვევი უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ კანონი მკაცრდება.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ პარლამენტს უკვე გადაუგზავნა. მმართველი გუნდი განმარტავს, რომ ინიციატივის მიზანი ეროვნული უსაფრთხოების დაცვა და გამოწვევების პრევენციაა.
ცვლილებების პაკეტი 18 კანონს შეეხება. სისხლის სამართლის კოდექსსა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში სასჯელის ახალი სახე ჩნდება - კანონდარღვევის დამტკიცების შემთხვევაში უცხოელი საქართველოდან გაძევებული იქნება და ქვეყანაში შემოსვლა 3 წლის ვადით შეეზღუდება. ცვლილები სასჯელს არალეგალურ მიგრანტებსაც გაუმკაცრებს.
ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა იყოს, თუმცა ახლა რატომ დადგა დღის წესრიგში ეს საკითხი - მათთვის გაუგებარია.
ევროპულ სტანდარტებზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა. მათი თქმით, კანონპროექტი ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს დირექტივების შესაბამისად მომზადდა და ყველა პირმა ვინც ქართულ კანონმდებლობას არ სცემს პატივს სათანადოდ აღიარებული სტანდარტებით უნდა იყოს პასუხისგებაში მიცემული.
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტმა ბიუროზე უკვე დაარეგისტრირა. ინიციატივას კანონმდებლები კომიტეტებზე მომდევნო დღეებში განიხილავენ, საბოლოოდ კი, კანონპროექტს საგაზაფხულო სესიის ფარგლებში უყრიან კენჭს.
ავტორი: კესო ქაფიანიძე