10 აგვისტო 2026,   20:56
ვრცლად
ჯორჯ ბალანჩინის უნიკალური ხელწერა და ნეოკლასიკური საბალეტო ენა, რომელმაც მსოფლიო კულტურაზე უდიდესი გავლენა იქონია, თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაბრუნდა

"ბევრი ფიქრობს, რომ ეს ბალეტი გარკვეულ სიუჟეტს ატარებს, მაგრამ ეს ასე არ არის. მასში მოცეკვავეები შესანიშნავი მუსიკის თანხლებით უბრალოდ მოძრაობენ" - ეს ჯორჯ ბალანჩინის სიტყვებია. მისი სამყარო, ჩაიკოვსკის მუსიკით და სხეულის ენით თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე დაბრუნდა.

"სერენადა" ანუ თეთრი ბალეტი - ასე ჰქვია ჯორჯ ბალანჩინის ქორეოგრაფიული დადგმის პირველ ეპიზოდს, რომლის პრემიერა 1935 წელს ნიუ-იორკში შედგა და რომელმაც, მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მშობლიურ სცენაზე კი მხოლოდ 70 წლის შემდეგ დაიდგა. ქორეოგრაფების აზრით ამ წარმოდგენაში ქართული ცეკვის ელემენტებიც შესამჩნევია.

ბალანჩინის ქორეოგრაფიული დადგმა სულ 4 ნაწილისგან შედგება. იგორ სტრავინსკის "აპოლო," ბახის "კონჩერტო ბაროკო," ჩაიკოვსკის "სერენადა" და "მოცარტიანა." ბალანჩინი მთელ მსოფლიოში აღიარებულია თანამედროვეობის უდიდეს ქორეოგრაფად. თავდაპირველად ის სიუჟეტიან, ხოლო მოგვიანებით, ე.წ. აბსტრაქტულ, ერტაქტიან ბალეტს დგამდა.

თანამედროვე, ნეოკლასიკური საბალეტო ენა, რომელმაც უდიდესი გავლენა იქონია მსოფლიო კულტურაზე - ჯორჯ ბალანჩინმა უნიკალური ხელწერით, ათწლეულების განმავლობაში 100-ზე მეტი საბალეტო სპექტაკლი დადგა. მათ შორის ყველაზე დიდი წარმატება წილად ხვდა ჩაიკოვსკის მაკნატუნას, რომლის შესრულებაც საშობაო ტრადიციად დამკვიდრდა. ბალანჩინის ქორეოგრაფიის საღამო ოპერისა და ბალეტის თეატრის სცენაზე აპრილის ბოლომდე დარჩება. მასში მონაწილეობას ახალი თაობის არტისტები იღებენ.

"ადრე თუ გვიან ჩემს სპექტაკლებს დაივიწყებენ, მაგრამ ხალხს ყოველთვის ვემახსოვრები, როგორც მასწავლებელი" - ბალანჩინის სპექტაკლები არათუ დაივიწყეს, საუკუნის შემდეგაც მსოფლიოს არაერთ სცენაზე წარმატებით იდგმება. ხელოვანებს არ დავიწყებიათ ბალანჩინი, როგორც პედაგოგი - ადამიანი, რომელმაც 30-იან წლებში ამერიკას ბალეტი ასწავლა.

დღის ამბები