
მუქარის შემცველი ვიდეო ჭიათურაში ფიზიკური დაპირისპირებიდან მალევეა გადაღებული - მას შემდეგ, რაც, წარმოების განახლების მიზნით, სპეციალურმა ჯგუფებმა დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება დაიწყეს. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ პროტესტის საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები.
"ჭიათურა მენეჯმენტ" კომპანიის ინფორმაციით, სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის ავტომობილს 30-მდე პირმა გზა გადაუკეტა. თენგიზ კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
თავდასხმის შედეგად დაშავებული თენგიზ კობერიძე, დაზიანებებით, კლინიკაში გადაიყვანეს. ქირურგის განცხადებით, დაზარალებულს სახის არეში მოტეხილობა დაუდგინდა.
"ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის" ინფორმაციით, ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილე პირებიდან ერთ-ერთი გიორგი მეფარიძეა, რომელსაც კომპანიისგან კომპენსაციაც აღებული აქვს.
ინციდენტიდან მალევე, განცხადება გაკეთდა "ჭიათურა მენეჯმენტ კომპანიაში". საწარმოების მენეჯერი ამბობს, რომ გაუგებარია, რატომ ცდილობს კონკრეტული ჯგუფი სამუშაო პროცესის ჩაშლას, მაშინ როდესაც კომპანია, მაღაროების ამუშავების მიზნით, ყველა საჭირო პროცედურას გადის.
ჭიათურაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, დღეს, პრესკონფერენცია თბილისში გამართეს პროტესტის საინიციატივო ჯგუფის წევრებმა. მათ შორისაა ტარიელ მიქაცაძე, რომელსაც, ზუსტად გაფიცვის პერიოდში, თბილისში საცხოვრებელი ბინა აქვს შეძენილი, 2024 წლის 16 თებერვალს კი დაირეგისტრირა მიწის ნაკვეთი, რომელსაც ამ დრომდე "ჯორჯიან მანგანეზის" იპოთეკა ადევს.
დამსაქმებლის, პროფკავშირებისა და სახელმწიფოს ჩართულობით, უკვე შედგა შეთანხმება, რომ ჭიათურის მაღაროებში სამუშაოები უნდა განახლდეს, მანამდე კი ტექნიკური მდგომარეობის შემოწმება მიმდინარეობს. ამ პროცესში, სახელმწიფოს როლსა და სამმხრივი კომისიის მუშაობის დროს მიღწეულ შედეგებზე საუბრობენ ჯანდაცვის სამინისტროში.
ჭიათურაში დღეს მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით გამოძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.