
ფარულ ვიდეო მასალაში, რომელიც სამართალდამცველებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე გადაიღეს, ნარკოდანაშაულის კონკრეტული ფაქტი ჩანს. კადრების მიხედვით, რეალიზატორი მომხმარებელს ნარკოტიკებს ხელიდან ხელში გადასცემს, შემდეგ კი მოთხოვნილ თანხას იღებს.
"ალფა პვპ", "მეტადონი", "ამფეტამინი", ელექტრო სასწორი და პოლიეთილენის პაკეტები სამართალდამცავებმა სხვადასხვა ადგილას სპეციალურად მოწყობილი სამალავებიდან ამოიღეს. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვის, გასაღებისა
და გასაღების მცდელობის ბრალდებით პოლიციამ 4 პირი დააკავა.
ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებული ერთ-ერთი პირი, 36 წლის მამაკაცია. "კურიერმა" მისი ვინაობა დაადგინა, ის გიორგი სულხანიშვილია. გამოძიების ინფორმაციით, ახალგაზრდა კაცი ე.წ. დადების მეთოდით მოქმედებდა და სარეალიზაციოდ გამზადებულ ნარკოტიკს წინასწარ შერჩეულ ადგილას მალავდა. ეს დასტურდება გამოძიების მიერ გავრცელებული ვიდეო მასალითაც, სადაც ჩანს, რომ
დაკავებული სამალავებს პოლიციას თავად უჩვენებს. სულხანიშვილს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ სპეცოპერაცია ისანი-სამგორის, გლდანი-ნაძალადევისა და ძველი თბილისის მთავარი სამმართველოების თანამშრომლებმა ჩაატარეს. სამართალდამცველები ერთდროულად რამდენიმე მისამართზე იყვნენ მობილიზებულები.
ნარკოდანაშაულის საქმეზე დაკავებულები წინასწარ პატიმრობაში რჩებიან. გამოძიება მათ წინააღმდეგ ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის, გასაღებისა და გასაღების მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.
ავტორი: ჟანა აკოფაშვილი.