მთავრობის ინიციატივით, სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც "კორონავირუსის" მართვის პროგრამებში მონაწილეობდნენ, ერთჯერადად გათავისუფლდებიან საჯარიმო სანქციის 75%-ის გადახდისგან.
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, დარჩენილი თანხის ნაწილის გადასახდელად კი მათ 2 თვე ექნებათ, ასევე შესაძლებელი იქნება, გაფორმდეს შეთანხმება ერთწლიან გადანაწილებაზეც.
"მთავრობის მიერ მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სამართლებრივად, ყველა დაწესებულება, რომელსაც აქვს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები სახელმწიფოს წინაშე ფინანსური პასუხისმგებლობის სახით, იმ შემთხვევაში თუ დღეისთვის დავალიანებული თანხის 25%-ს აანაზღაურებენ ბიუჯეტის სასარგებლოდ, დანარჩენი პასუხისმგებლობისგან პირდაპირ გათავისუფლდებიან.
ჯამური ვალდებულების ოდენობა გახლავთ, დაახლოებით, 26 მილიონი ლარი. ჩვენთვის მთავარი ამოცანა, რომელსაც ვისახავთ ამ ინიციატივის განხორციელების შედეგად, არის მეტი შესაძლებლობის მიცემა სამედიცინო დაწესებულებისთვის, რათა მათ ეს ფინანსები წარმართონ და მოახმარონ იმას, რასაც ჰქვია პაციენტის საუკეთესო ინტერესის დაკმაყოფილება, ექიმებისთვის უკეთესი პირობების შექმნა", - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.