24 ივნისი 2025,   11:51
ვრცლად
"გთავაზობთ იმ მოლაპარაკებების აღდგენას, რომელიც ჩვენ არ დაგვირღვევია. რა არის ამაში ცუდი?" - პუტინი ომის დასრულებისთვის შეხვედრას თურქეთში, ისევ ერდოღანის შუამავლობით განიხილავს

"გთავაზობთ იმ მოლაპარაკებების აღდგენას, რომელიც ჩვენ არ დაგვირღვევია. რა არის ამაში ცუდი?" - სტამბოლი, 15 მაისი - რუსეთის პრეზიდენტი, 3 წლის შემდეგ ომის დასრულებისთვის მოლაპარაკებას ისევ თურქეთში, ისევ ერდოღანის შუამავლობით განიხილავს. ამბობს, რომ წინაპირობის გარეშე, თუმცა დასავლეთისგან ომში მყოფი ქვეყნისთვის იარაღის მიწოდების შეწყვეტას, უკრაინულ მხარესთან შეხვედრამდე ითხოვს.

რუსეთის პრეზიდენტმა ომის დასრულების გეგმაზე სასაუბროდ ადგილობრივი და საერთაშორისო მედია კრემლში, მოსკოვის დროით ღამის 2-ის ნახევარზე საგანგებოდ მიიწვია. აქაც მხოლოდ ერთი პირობით - ჟურნალისტებს კითხვის დასმის საშუალება არ ექნებოდათ. პუტინის მონოლოგი 19 წუთს გაგრძელდა. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი არ გამორიცხავს, რომ, თუ უკრაინული მხარე მის წინადადებას დათანხმდება, მოლაპარაკების მაგიდაზე შესაძლოა ახალი ზავიც დაიდოს.

არ დააყოვნა თურქეთის პასუხმაც. ერდოღანი მზადაა, დაპირისპირებულ მხარეებს ისევ უმასპინძლოს. თურქეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ემანუელ მაკრონს მზადყოფნა სატელეფონო საუბრის დროს დაუდასტურა.

ვლადიმერ პუტინს კრემლში გამართულ ბრიფინგზე არც ერთხელ უხსენებია უკრაინელი კოლეგის მთავარი პირობა. ზელენსკი კი ისევ იმეორებს, რომ რუსულ მხარესთან მოლაპარაკებას მხოლოდ იმ პირობით დაიწყებს, თუ 12 მაისიდან ოკუპანტი ქვეყანა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება.

ზელენსკის პოზიციას იზიარებენ ევროპელი ლიდერები. ამბობენ, რომ თუ ვლადიმერ პუტინი უკრაინის პრეზიდენტის შეთავაზებას არ დათანხმდება, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგი ტალღა ამოქმედდება, ომში მყოფ ქვეყანას კი სამხედრო დახმარებას ისევ გაუწევენ.

კრემლში გამართულ ბრიფინგს სოციალურ ქსელში რამდენიმე საათში გამოეხმაურა მთავარი მედიატორი. დონალდ ტრამპი ომის დასრულებასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან პროცესებსაც აანონსებს.

გახდება თუ არა სტამბოლი მორიგ ჯერზე კიევისა და მოსკოვის შეხვედრის ადგილი? ვიდრე მხარეები მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდებიან, მანამდე რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე იერიში ისევ მიიტანა. განგაშის სიგნალის ხმა ისმოდა კიევში, დედაქალაქის გარდა ოკუპანტის უპილოტო საფრენი აპარატების სამიზნე ზაპოროჟიე, ოდესა და ხარკოვი გახდა.

დღის ამბები