09 აგვისტო 2026,   06:22
ვრცლად
ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას, ჩვენ, "ქართულმა ოცნებამ" დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში - შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, წინა ხელისუფლებამ რუსეთის მიერ ჩადენილი სამხედრო დანაშაულების მთავარი მტკიცებულებები - "ისკანდერის" ნამსხვრევები სხვა ქვეყანას გადასცა. მისივე თქმით, რომ არა "ქართული ოცნების" მთავრობის ძალისხმევა, სტრასბურგის სასამართლოში რუსეთის დანაშაული ვერ დამტკიცდებოდა.

"სწორედ სააკაშვილმა და თქვენმა პარტიამ უზრუნველყო ის, რომ დღეს ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია რუსეთის მხრიდან ხორციელდება. ვინ ლაპარაკობს საერთოდ რუსეთზე? ადამიანები, რომლებმაც რუსეთის მხრიდან სამხედრო დანაშაულის ჩადენის მთავარი მტკიცებულებები ქვეყნიდან გაიტანეს. "ისკანდერის" ნამსხვრევები ვის მისცეს, ჰკითხეთ ერთი "ნაციონალურ მოძრაობას" - სამხედრო ექსპერიმენტებისთვის სხვა ქვეყანას გადასცეს მაშინ, როდესაც ჩვენ აქ სასამართლო პროცესები გვქონდა მოსაგები.

რომ არა ჩვენი ძალისხმევა, რომ დაბრუნებულიყო ეს მტკიცებულებები და წარდგენილიყო სასამართლოში, დღეს დამტკიცებულიც არ იქნებოდა, რომ რუსეთს 2008 წელს სამხედრო დანაშაულები აქვს ჩადენილი. აი, ეს არის ის, რაც სააკაშვილმა გააკეთა. ვისაც სმენა აქვს, გაიგებს: ის, რომ რუსეთი ახორციელებს საქართველოს ორი ტერიტორიის ოკუპაციას, ჩვენ, "ქართულმა ოცნებამ" დავამტკიცეთ სასამართლო წესით სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში და არა თქვენმა პარტიამ", - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები