
თელ-ავივი, ჰაიფა, ბატ იამი, ტამრა - ისრაელის ცა გასულ ღამეს ირანის ასობით ბალისტიკურმა რაკეტამ გაანათა. 200-მდე დაშავებული და 10 გარდაცვლილი. მასირებული სარაკეტო იერიშის ზარალს ამ დრომდე ითვლიან.
"რკინის გუმბათი" დავალებას მესამე დღეა წარმატებით ასრულებს, თუმცა ერთეული დარტყმები მშვიდობიან მოსახლეობაზე კვლავ ფიქსირდება.
ირანმა მიზანში ამოიღო ისრაელის დასახლებული პუნქტები, თუმცა ვერ დაიცვა საკუთარი სტრატეგიული ობიექტები.
თეირანისა და ირანის სხვა დიდი ქალაქების თავზე, "ცაჰალის" გამანადგურებლების რაოდენობა რომ გაიზრდება, ამას ბენიამინ ნეთანიაჰუ უკვე აანონსებს. ისრაელის პრემიერ-მინისტრი დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანის პირობას დებს. ქვეყნის შეიარაღებული ძალების ოფიციალური პირები მსოფლიოს გარანტიას აძლევენ, რომ ირანის ბირთვული ამბიციების წამმზომი ჩართულია.
ურანის გამდიდრებაზე პასუხისმგებელ ცოცხალ მეცნიერთა რაოდენობა ირანში საგრძნობლად შემცირდა, თუმცა ამ ფონზე, ქვეყანაში მაინც ირწმუნებიან, რომ მათ ატომური ენერგია მხოლოდ კეთილი ზრახვებისთვის სჭირდებათ.
ისრაელის მიერ ოპერაციის დაწყების პირველივე დღიდან, აღარც ის ადამიანები არიან ცოცხალი, ვისაც ირანის სტრატეგიული ობიექტებისა და საჰაერო თავდაცვის უსაფრთხოებაზე უნდა ეზრუნა.
მეტიც - მათ პირველ რიგში საკუთარი უსაფრთხოება ვერ დაიცვეს. მოსადის წარმატებული მუშაობის შემდეგ, ჰოსეინ სალამი, მოჰამედ ბაღერი, ალი შახმანი ირანის შეიარაღებული ძალების ეს 3 ყველაზე გავლენიანი გენერალი, ლიკვიდირებულია.
შეიცვლება თუ არა წითელი დროშა თეთრით?
ირანის ისლამური რესპუბლიკის უზენაესი ლიდერი უკან დახევას არ აპირებს. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყნის სულიერ წინამძღოლს მოსადმა უახლოესი გარემოცვა გაუნადგურა, აიათოლა ალი ხამენეი სამომავლო შურისძიების არაერთ ტალღაზე მიანიშნებს. მისი მუქარის ობიექტი მხოლოდ ისრაელი არ არის. ისლამური რესპუბლიკის სულიერი ლიდერი არ გამორიცხავს, სამიზნედ ახლო აღმოსავლეთში მდებარე დასავლური ბაზებიც აქციოს, თუ ისინი ისრაელს სამხედრო დახმარებას გაუწევენ.
ისრაელის სამხედრო ოპერაციაში ჩართულობას უარყოფს შეერთებული შტატები, თუმცა თეთრი სახლი მზად არის, ირანს მკაცრი პასუხი გასცეს, თუ ისინი იერიშს მიიტანენ ამერიკულ ბაზებზე ახლო აღმოსავლეთში.
პენტაგონი რომ ინფორმირებული იყო ისრაელის მხრიდან ირანზე შეტევის შესახებ, ამას ოპერაციის დაწყებამდე, ერთი დღით ადრე, დონალდ ტრამპის ინტერვიუც ადასტურებს.
ირანი მშვიდობიანი მოსახლეობის მიზანში ამოღებას განაგრძობს, გაჩერებას არც ისრაელი აპირებს. ნატანზის ბირთვულ დაწესებულებაზე მიტანილი იერიში რომ მხოლოდ აისბერგის წვერია, ამის შესახებ ბენიამინ ნეთანიაჰუმ უშუალოდ ირანის მოსახლეობას მიმართა, გამოღვიძებისკენ მოუწოდა და მათ ისრაელელი და სპარსი ხალხის მეგობრობის ისტორიული მაგალითიც შეახსენა.
ისრაელმა, ქვეყნის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 3 დღის წინ დაიწყო. "ცაჰალისა" და მოსადის მთავარი სამიზნე ირანის საჰაერო თავდაცვის ბატარეები, ბირთვულ პროგრამაში ჩართული მეცნიერები, ირანის სამხედრო ელიტა და, რაც მთავარია, ატომური სადგურები იყო. "აღმავალი ლომის" საწყის ეტაპზე, "ცაჰალის" 200 ავიამოიერიშე თვითმფრინავი მონაწილეობდა. ისრაელის ოფიციალური პირები ვარაუდობენ, რომ ოპერაცია რამდენიმე კვირას გასტანს და ირანის მოსახლეობას აფრთხილებენ - განერიდონ იმ ტერიტორიას, სადაც სამხედრო ობიექტები და ბირთვული ლაბორატორიებია განლაგებული. მათი იქ ყოფნა უსაფრთხო აღარ იქნება.