
თეირანი - ისრაელის სამხედრო შეტევის მთავარი სამიზნე. ისლამური რესპუბლიკის დედაქალაქს მოქალაქეები განგაშის სიგნალის ფონზე ტოვებენ.
არც სამშვიდობო შეთანხმება და არც შუამავალი, რომელიც მხარეებს მოლაპარაკების მაგიდასთან დასვამს, ჯერ არ ჩანს. იერუსალიმის მთავარი მიზანი, თეირანმა უარი თქვას ატომურ პოტენციალზე, უცვლელია. ოპერაცია "აღმავალი ლომი" ახლო აღმოსავლეთში გრძელდება.
"ცაჰალი" უტევს სამხედრო ბაზებს, აეროდრომებს, საწარმოებსა და სამეცნიერო ცენტრებს.
სანამ ისრაელი სამხედრო ოპერაციას განაგრძობს, საპასუხო იერიშებს ახორციელებს ირანი.
ისლამური რესპუბლიკა თელ-ავივისა და ჰაიფას მოსახლეობას ევაკუაციისკენ მოუწოდებს.
ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე შეიარაღებულ დაპირისპირებაზე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტიც საუბრობს. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავარი მოკავშირე ყურადღებას კონფლიქტის მშვიდობიან გადაჭრაზე ამახვილებს. დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანმა დააგვიანა.
დონალდ ტრამპს ჟურნალისტებმა ვაშინგტონის კონფლიქტში შესაძლო ჩართვის საკითხზეც ჰკითხეს. შეკითხვა ამერიკის პრეზიდენტმა უპასუხოდ დატოვა. თქვა მხოლოდ ის, რომ ჯერ არაფერი დასრულებულა და ყველაფერი მომდევნო კვირას მოხდება.
კონფლიქტში შეერთებული შტატების შესაძლო ჩართვას განიხილავს ირანის სულიერი ლიდერი. აიათოლა ალი ხამენეი ამბობს, რომ დონალდ ტრამპის მიერ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებები აშკარა მუქარაა და კონფლიქტში ჩართვა ვაშინგტონს ძვირი დაუჯდება.
ისრაელი ირანს თავს 13 ივნისს დაესხა. ოპერაცია "აღმავალი ლომის" დაწყების მთავარ მიზეზად, ისლამური რესპუბლიკის ბირთვული პოტენციალის განადგურება დასახელდა. საპასუხო შეტევებს ახორციელებს თეირანიც. მომხდარში ირანი ამერიკის შეერთებულ შტატებსაც ადანაშაულებს და ვაშინგტონს ახლო აღმოსავლეთში სამხედრო ბაზების დაბომბვით ემუქრება. საერთაშორისო მედია კონფლიქტში ვაშინგტონის პირდაპირი ჩართვის ალბათობაზეც საუბრობს.