
ირანმა ბეერ-შევაში მდებარე სამედიცინო კომპლექსს ბალისტიკური რაკეტა ესროლა. განადგურებული პალატებიდან მეხანძრე მაშველები პაციენტების გამოყვანას ცდილობენ, კრიტიკულია 6 ადამიანის მდგომარეობა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, დაიჭრა 70.
თავდასხმის სამიზნე გახდა ხოლონიც - რაკეტა საცხოვრებელ სახლს მოხვდა, ჩამოშლილია შენობის ნაწილი, დაშავდა 20 მოქალაქე. ეძებენ ნანგრევებში მოყოლილებს.
სახანძრო სამაშველო ოპერაცია ამ დრომდე გრძელდება თელ-ავივში. რამათ-განის რაიონში ცათამბჯენების მიმართულებით ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა რაკეტები გამთენიისას გაუშვა. არიან დაჭრილები.
შეტევას განაგრძობს ისრაელიც. თეირანი, არაქი, ხონდაბი - ისრაელის არმია ირანის მოსახლეობას ამ ქალაქებიდან სასწრაფო ევაკუაციისკენ მოუწოდებს. აფეთქებების ხმა ისმის თეირანშიც. მედიის ცნობით, დედაქალაქში "ცახალმა" თავდაცვის სამინისტროს შტაბ-ბინას და ნავთობგადამამუშავებელ საწარმოს დაარტყა. იერიშები განხორციელდა ნატანზში და ქერმანშაჰი მდებარე ბირთვულ ობიექტზე და სარაკეტო გამშვებ პუნქტებზე. თელ-ავივი სამხედრო მოქმედებების შეწყვეტას არ აპირებს, ისრაელის მიზანი ირანის ბირთვული პოტენციალის განადგურებაა.
ისრაელს მხარდაჭერას უცხადებს ამერიკის შეერთებული შტატები. მედია წერს, რომ ტრამპმა ირანზე დარტყმის ამერიკული გეგმა დაამტკიცა, თუმცა მისი შესრულება, იმ მოტივით გადადო, რომ თეირანი ბირთვულ პროგრამაზე უარს იტყვის. ცნობილია, რომ ახლო აღმოსავლეთის საკითხზე თეთრი სახლის სიტუაციურ ოთახში გუშინ უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გაიმართა.
ამერიკელი მაღალჩინოსნები ემზადებიან, რომ ირანს ამერიკის შეერთებული შტატები უახლოეს დღეებში დაარტყამს. ინფორმაცია "ბლუმბერგმა" საქმესთან დაკავშირებულ პირებზე დაყრდნობით გაავრცელა, თუმცა ვითარება შესაძლოა შეიცვალოს, რადგან შტატების ეროვნულ დაზვერვას ჯერჯერობით არ აქვს მტკიცებულებები, რომ ირანი ბირთვული იარაღის შესაქმნელად მუშაობს.