საქართველოს წინააღმდეგ გადაწყვეტილებების მიღების ლობირებაში საგარეო საქმეთა მინისტრი ოპოზიციას ადანაშაულებს. მაკა ბოჭორიშვილმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე დეტალები გაასაჯაროვა, კონკრეტული პოლიტიკოსები დაასახელა და ღიად თქვა, რომ ევროპის პოლიტიკურ დედაქალაქში ოპოზიცია აქტიურად მუშაობდა და მუშაობს, რათა ქვეყნის უვიზო მიმოსვლა შეუჩერდეს.
თინა ბოკუჩავა, რომელსაც საგარეო საქმეთა მინისტრი ღიად ასახელებს, ამ დროისთვის ისევ სტრასბურგში იმყოფება და, პერსონალური სანქციების დასაწესებლად, ევროპელი პარტნიორების დარწმუნებას ცდილობს. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამბობს, რომ არც საგამოძიებო კომისიის სხდომაზე აპირებს მისვლას.
ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ კამპანიის გაგრძელებაა მთავრობის მეთაურისთვის ოპოზიციის ვიზიტები. პრემიერ-მინისტრის განცხადებით, სწორედ ამიტომ, ოპოზიცია საზოგადოების თვალში დისკრედიტირებულია და პასუხს არჩევნებზე იღებს.
ბრალდებებს ოპოზიცია არ იღებს. პოლიტიკურ პარტიებში ამბობენ, რომ ყველა ევროპულ გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა.
საპარლამენტო უმრავლესობისთვის ოპონენტების ქმედებები უცხო არ არის. ამბობენ, რომ, უშედეგო საბოტაჟის შემდეგ, ცდილობენ, ქვეყნის იმიჯსა და რეპუტაციას კონკრეტული მიმართულებით დაარტყან.
მმართველი ძალა ოპონენტებსა და მათ უცხოელ მოკავშირეებს მოუწოდებს, უარი თქვან საქართველოს ინტერესის მიზანმიმართულ დაზიანებაზე.