21 აგვისტო 2026,   19:46
ვრცლად
"სოლიდარობას ვუცხადებთ ელენე ხოშტარიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართავს. ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ ვემზადებით და ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში" - ტატა ხვედელიანი

3 თვე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე - ოპოზიციაში კვლავ აზრთა სხვადასხვაობაა. "ლელო " პოზიციას არ ცვლის და ოპოზიციას დისკუსიის გახსნას სთავაზობს. პარტიაში ამბობენ, რომ მათი ლიდერების დაკავება ამ გადაწყვეტილებაზე გავლენას ვერ მოახდენს. 

პარალელურად, ოპოზიციის ორმა წარმომადგენელმა შიმშილობა დაიწყო.

პარტია "ლელო - ძლიერი საქართველოს" გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე მიიჩნევს, რომ სჯობს ისეთი სტრატეგიის არჩევა, რომელიც ჯანმრთელობას არ დააზიანებს.

"მძიმე გადაწყვეტილებად გვენიშნება და გვესახება ელენე ხოშტარიას ბრძოლის ეს სტრატეგია. მას მხარდაჭერა ვუცხადებთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ალბათ, სჯობს, ავირჩიოთ ის სტრატეგია, სადაც არათუ ჩვენი ჯანმრთელობა დაზიანდება, არამედ დაზიანდება ივანიშვილი," - აცხადებს ირაკლი კუპრაძე.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" წევრი, ტატა ხვედელიანი აცხადებს, რომ ბრძოლის მთავარი იარაღი არჩევნებში მონაწილეობის მიღებაა. აქვე, გახარიას პარტია სოლიდარობას უცხადებს ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართავს.

"სოლიდარობას ვუცხადებთ ელენე ხოშტარიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართავს. ჩვენი პოზიცია უცვლელია, ჩვენ ვემზადებით და ვიღებთ მონაწილეობას თვითმმართველობის არჩევნებში. არ ვართ რევოლუციონერები, შესაბამისად, ჩვენ ვაღიარებთ ცვლილების მხოლოდ მშვიდობიან ფორმას, რომელიც დღესდღეობით, არის დემოკრატიის ერთ-ერთი ინსტრუმენტი და ეს არის არჩევნები," - აცხადებს ტატა ხვედელიანი. 

პარტია "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის მოადგილე, ირაკლი ფავლენიშვილი ამბობს, რომ მათი პოზიცია არ შეცვლილა და თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება, ყველაზე ლოგიკური ნაბიჯია.

"ნებისმიერ შუალედურ მექანიზმზე ამ პირობებში საუბარი არის ამ ბრძოლის ღალატი. გახარიასთან დაკავშირებითაც ვისურვებდით ამას, მაგრამ განსაკუთრებით "ლელოსთან" დაკავშირებით, მიგვაჩნია, რომ იმ პოლიტიკური ძალისგან, რომელსაც აქვს გადადგმული ის ნაბიჯები, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, ვსაუბრობ მათ შორის არჩევნების გაუქმებაზე, ამ ყველაფრის შემდგომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან, პოლიტიკური დევნის შემდგომ ნაბიჯი, ყველაზე ლოგიკური პოლიტიკურად, მორალურად და სამართლებრივად იქნება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის არ მიღება," - ამბობს ირაკლი ფავლენიშვილი.

 

დღის ამბები