08 აგვისტო 2026,   17:58
ვრცლად
ხაზარაძემ და ჯაფარიძემ დავა ისევ წააგეს - ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილების დეტალები და შეფასებები პოლიტიკურ სპექტრში

ერთსულოვანი გადაწყვეტილება ანაკლიის პორტის საქმეზე ვაშინგტონის არბიტრაჟმა მიიღო. სამი მოსამართლიდან ერთი მოსარჩელე მხარემ დანიშნა, თუმცა მათივე რჩეულმაც დავაში მხარი საქართველოს სახელმწიფოს დაუჭირა. ბიზნესდავების ამერიკულმა ინსტანციამ დაადასტურა, რომ ანაკლიის პროექტის განუხორციელებლობა სრულად ხაზარაძე-ჯაფარიძისა და მათი პარტნიორის პასუხისმგებლობაა, სახელმწიფოს მხრიდან კი ნეგატიურ ჩარევას ადგილი არ ჰქონია. კონსორციუმი ამერიკულ სასამართლოში საქართველოსგან 65 მილიონ დოლარს ითხოვდა, თუმცა არბიტრაჟმა ქართული სახელმწიფოს სასარგებლოდ, 6.5 მილიონი დოლარის გადახდა დააკისრა.

არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ იზიარებს ანაკლიის კონსორციუმი და ჰოლანდიელი ინვესტორი ბობ მეიერი. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში დავის სამართლებრივ დეტალებზე არაფერია ნათქვამი. პარიზისა და ახლა უკვე ვაშინგტონის ვერდიქტის მიუხედავად, კვლავ ამტკიცებენ, რომ პროექტი ხელისუფლებამ შეაჩერა. დღეს, მამუკა ხაზარაძის პარტიაში მისი წლების ბიზნესპარტნიორის, ბობ მეიერისგან დისტანცირებაც სცადეს და თქვეს, რომ ამ დავასთან "ლელოს" ლიდერებს კავშირი არ აქვთ.

მამუკა ხაზარაძის პოლიტიკურ და ბიზნეს პარტნიორებს იუსტიციის სამინისტროდან უპასუხეს. უწყებაში, ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან ბობ მეიერისგან დისტანცირების მცდელობას არასერიოზულს უწოდებენ. განმარტავენ, რომ ვაშინგტონში ორივე მათგანი პროცესებში მონაწილეობას იღებდა, არბიტრაჟმა კი დაადასტურა, რომ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტა სწორედ ინვესტორების მხრიდან, გადავადებების მიუხედავად, ვალდებულებების შეუსრულებლობას მოყვა.

ხაზარაძე-ჯაფარიძის მხრიდან, პარიზის შემდეგ, აშშ-ში სასამართლო დავის წაგებამ პოლიტიკური სპეკულაციების სივრცე სრულად ჩაკეტა - ასეთია მმართველი გუნდის პოზიცია. პარლამენტის თავმჯდომარე დღეს ამბავს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა. შალვა პაპუაშვილმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პოლიტიკოსები საკუთარი სამშობლოსგან, კომპენსაციის სახით, მილიარდ-ნახევარ დოლარს უკანონოდ ითხოვდნენ, გადაწყვეტილებამ კი დაადასტურა, რომ საუბარი დასავლური პროექტის შეჩერებაზე სრული სიცრუე იყო.

ხაზარაძე-ჯაფარიძე-მეიერმა ანაკლიის პორტის საქმე უკვე ორ საერთაშორისო არბიტრაჟში წააგეს. ყოფილ ინვესტორებს პარიზისა და ვაშინგტონის სასამართლოების გადაწყვეტილებით, ქართული სახელმწიფოსთვის 7 მილიონ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევთ.

დღის ამბები