08 აგვისტო 2026,   14:36
ვრცლად
თაღლითობის საქმეები - მმართველი გუნდის შეფასებით, ოპოზიციის მხრიდან კანონდამრღვევის პოლიტპატიმრად გამოცხადება ტენდენციად იქცა

თბილისის საქალაქო სასამართლომ თაღლითობაში ბრალდებული "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრი წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლის გადაწყვეტილებამდე, ლაშა ცანავამ სიტყვით ისარგებლა, თაღლითობის საქმის პოლიტიკურ თემად ქცევა სცადა და თქვა, რომ სამართალდამცველები მას თავისუფლების სანაცვლოდ, ლევან ხაბეიშვილისთვის თვალთვალს სთხოვდნენ.

მიუხედავად იმისა, რომ საქმეში სასამართლოს განჩინების საფუძველზე მოპოვებული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები დევს, დაცვის მხარე მაინც ამტკიცებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი უდანაშაულოა. სახელმწიფო ბრალდება კი, სუს-ის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებზე მიუთითებს, რომლის მიხედვითაც დგინდება, რომ ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს ბინადრობის უფლებას ჰპირდებოდა, სანაცვლოდ კი, 5 600 დოლარის გადახდას სთავაზობდა.

სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულის მიღმა პოლიტიკურ მოტივებს ხედავს ლევან ხაბეიშვილი. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ამტკიცებს, რომ მისმა თანაგუნდელმა პარტიისთვის შეწირული 50 000 ლარი დაცვის სამსახურში და მძღოლად მუშაობის პერიოდში შეაგროვა.

ბრძოლის სტრატეგიას უწუნებენ ხაბეიშვილს მმართველ გუნდში. "ქართული ოცნების" ლიდერები ამბობენ, რომ ოპოზიციას გარე ძალებისგან ახალი დავალება აქვს, რომ ყველა ვინც კანონს დაარღვევს და პასუხისგებაში მიეცემა, პოლიტპატიმრად გამოაცხადონ.

ლაშა ცანავა ერთადერთი არ არის, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრად მიიჩნევს. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ბიტკოინების საქმეში მსჯავრდებული ბაჩიაშვილის საქმეც პოლიტიკურად მოტივირებულია. მიუხედავად იმისა, რომ საქალაქო სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელი მილიონობით დოლარის თაღლითურად მიტაცებაში დამნაშავედ ცნო და 9 000 ბიტკოინის გადახდა დაავალა.

პოლიტიკური პროცესში მონაწილეობა პოლიტიკური ინდულგენცია ვერ იქნება - "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ ოპოზიციის მხრიდან ჯერ კანონის დარღვევა, შემდეგ კი კანონდამრღვევის პოლიტპატიმრად გამოცხადება უკვე ტენდენციად იქცა. პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

"ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს წევრს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 4-დან 7 წლამდე პატიმრობა ემუქრება. თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობის ბიტკოინების მითვისება უკვე დაუმტკიცდა და მას 11-წლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი.

 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები