ქართული სასამართლოს მიერ თაღლითობისთვის გასამართლებული ხაზარაძე, ახლა უკვე ვაშინგტონის არბიტრაჟმაც გაამტყუნა. ამერიკული ტრიბუნალის ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლა მხოლოდ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა, საქართველოს მთავრობის მხრიდან კი რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ჰქონია. ამ გადაწყვეტილების გამო ახლა ანაკლიის კონსორციუმმა საქართველოს ბიუჯეტის სასარგებლოდ კიდევ 6,5 მილიონი დოლარი უნდა გადაიხადოს.
საერთაშორისო სამართლებრივი დავა თავად დაიწყეს, თუმცა გამამტყუნებელი გადაწყვეტილების შემდეგ, საქმესთან კავშირს უარყოფენ "ლელოს" ლიდერები. პარიზის შემდეგ ვაშიონგტონის არბიტრაჟის ვერდიქტი, "ქართული ოცნებისთვის" კიდევ ერთი დასტურია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის ჩაშლაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმია.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ვაშინგტონის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის ჩაშლაში პასუხისმგებლობა, მხოლოდ ხაზარაძე-ჯაფარიძის კონსორციუმს ეკისრება.
ვაშინგტონის არბიტრაჟმა, საქართველოს მთავრობის მოთხოვნები სრულად დააკმაყოფილა. დადასტურდა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის განუხორციელებლობა მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და მათი პარტნიორების პასუხისმგებლობაა და ხელისუფლების მხრიდან, რაიმე ფორმით ხელშეშლას ადგილი არ ქონია.
"ლელო-ძლიერ საქართველოში" ამტკიცებენ, რომ სამართლებრივი დავა ხაზარაძე-ჯაფარიძის ბიზნესპარტნიორ ბობ მეიერსა და სახელმწიფოს შორის მიმდინარეობდა და საქმესთან "ლელოს" ლიდერებს კავშირი არ აქვთ.
საქმის სამართლებრივი დეტალების შეფასებისგან თავს იკავებენ გიორგი გახარიას პარტიაში, რომელსაც წლების წინ, მამუკა ხაზარაძე მუქარის წერილის გაგზავნაში და ანაკლიის პროექტის შეფერხებაში პირდაპირ ადანაშაულებდა.
მმართველ გუნდში ამბობენ, რომ მცდელობის მიუხედავად, "ლელოს" ლიდერების კონკრეტული საქმისგან დისტანცირება წარუმატებელი ჩანაფიქრია, რადგან ფაქტობრივ მონაცემებზე დაყრდობით, არბიტრაჟმა დაადგინა, რომ ანაკლიის პროექტის დაფინანსების ვალდებულება სრულად ეკისრებოდა ინვესტორს, რომელმაც საკუთარი მიზეზით ვერ მოიძია სახსრები და მთავრობის მხრიდან ხეშეკრულების შეწყვეტა კანონიერი იყო.
უმრავლესობაში ამბობენ, რომ ორი საერთაშორისო არბიტრაჟის ვერდიქტმა, ანაკლიის პორტის თემაზე პასუხისმგებლობა ხაზარაძე-ჯაფარიძეს დააკისრა და სპეკულაციებს საბოლოოდ დაუსვა წერტილი.
ერთი წლის წინ ანაკლიის საქმეზე დავა ხაზარაძისა და ჯაფარიძის ანაკლიის კონსორციუმმა სახელმწიფოსთან, პარიზის არბიტრაჟშიც წააგო. მომჩივანები მაშინ ბიუჯეტიდან 1,5 მილიარდი აშშ დოლარის გადახდას ითხოვდნენ. თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ 650 000 დოლარის გადახდა პირიქით, მათ დაეკისრათ.