08 აგვისტო 2026,   15:08
ვრცლად
მზია ამაღლობელს მოსამართლემ ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - რა შეფასებები მოჰყვა განაჩენს პოლიტიკურ სპექტრში

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენი დღის 14:00 საათზე გამოცხადდა, ბათუმის საქალაქო სასამართლომ მედია მენეჯერს ბრალი გადაუკვალიფიცირა და 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოსამართლე ნინო სახელაშვილმა პოლიციელზე თავდასხმა-353 პრიმა მუხლი - 353ე მუხლის პირველი ნაწილით შეცვალა, რაც წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ გულისხმობს. გადაწყვეტილებას არ ეთანხმება დაცვის მხარე და დავის სააპელაციო სასამართლოში გაგრძელებას აპირებს, ასევე განაჩენს გაასაჩივრებს ბრალდების მხარეც.

მზია ამაღლობელის საქმეზე განაჩენის გამოცხადებას, ბათუმის საქალაქო სასამართლოსთან ელოდებოდნენ დაკავებულის მეგობრები, კოლეგები, მხარდამჭერები და პოლიტიკოსები.

ამაღლობელის განაჩენს მალევე მოჰყვა შეფასებები მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ პოლიციის შეურაცხყოფა და დაუმორჩილებლობა კანონით ისჯება და მის წინაშე ყველამ პასუხი უნდა აგოს. რაც შეეხება მოსამართლის გადაწყვეტილებას, მათი თქმით, სასამართლო სრულიად დამოუკიდებელია და თავად გადაწყვეტს სასჯელის კვალიფიკაციასა და ფორმას.

განაჩენის გამოცხადებას 24 დიპლომატიური წარმომადგენლობის ერთობლივი განცხადებაც მოჰყვა. ისინი გმობენ მზია ამაღლობელის მიმართ გამოტანილ განაჩენს, სოლიდარობას უცხადებენ ბრალდებულს და სასამართლოს მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ. დიპლომატების ერთობლივ განცხადებას სოციალურ ქსელში უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილის განცხადებით ქართული მართლმსაჯულების მიმართ პოლიტიკურად მოტივირებული ცილისწამება და თავდასხმა ზოგიერთი დიპლომატის ხელწერად იქცა.

მზია ამაღლობელი სამართალდამცველებმა ბათუმში პოლიციის მთავარ სამმართველოსთან გამართულ აქციაზე 12 იანვარს დააკავეს. ის წინასწარ პატიმრობაში უკვე 7 თვეა იმყოფება, რაც იმას ნიშნავს ,რომ მოსამართლის დღევანდელი გადაწყვეტილებით "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებელი ციხეს წელიწადსა და 5 თვეში დატოვებს.

 

ავტორი: კესო ქაფიანიძე

დღის ამბები