ელდარ შენგელაია დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. ლეგენდარული რეჟისორი სიონის საკათედრო ტაძრიდან ტაშით გამოასვენეს.
ელდარ შენგელაია 92 წლის ასაკში, 4 აგვისტოს გარდაიცვალა. მის ხსოვნას დილიდან მიაგებდნენ პატივს - სამოქალაქო პანაშვიდს დაესწრო "ქართული ოცნების" დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი მეუღლესთან ერთად. სიონის საკათედრო ტაძარში იმყოფებოდნენ პრემიერ-მინისტრი, პრეზიდენტი, ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები, ასევე - რეჟისორის მეგობრები, კოლეგები და საზოგადოებისთვის ცნობადი სახეები.
"საქართველომ, ელდარ შენგელაიას გარდაცვალებით, დაკარგა დიდი ეპოქა. ის არ იყო მხოლოდ დიდი რეჟისორი. ვინც მას პირადად იცნობდა, [იცის, რომ] იყო ნამდვილი, გულწრფელი და საოცრად ბავშვური ადამიანი. ასეთი ბავშვური გულწრფელობის შენარჩუნება ასეთ ღრმა ასაკამდე მხოლოდ დიდ ადამიანებს შეუძლიათ - ადამიანებს, რომელთაც ღვთის ძალიან დიდი ნაპერწკალი აქვთ გულში და ასეთი იყო ბატონი ელდარი. მე მქონდა მასთან ურთიერთობის ბედნიერება - მქონდა ბედნიერება, გამეკეთებინა მისი 90 წლის იუბილე", - განაცხადა "მედია ჰოლდინგის" გენერალურმა დირექტორმა ბაკურ ბაკურაძემ.