განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, ბაკურიანში მოწყობილ ახალგაზრდულ ბანაკში აფხაზეთიდან დროებით დევნილ მოსწავლეებს შეხვდნენ.
გივი მიქანაძემ სიტყვით მიმართვისას ქვეყნის განვითარებაში მომავალი თაობის როლზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდული ბანაკების მნიშვნელობაზე.
ახალგაზრდებს მისასალმებელი სიტყვით ასევე მიმართეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ და საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მოადგილემ, დეკანოზმა გურამ ჭარელაშვილმა.
რვადღიანი საბანაკე პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებისთვის მრავალფეროვანი საგანმანათლებლო, სპორტულ-შემეცნებითი აქტივობები და ტრენინგები ჩატარდა. საპატრიარქოსთან არსებულმა თეატრალური დასის წევრებმა კი შემეცნებით-საგანმანათლებლო წარმოდგენა გამართეს.
საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული სკოლების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაიმართა, რომელიც 2022 წლიდან მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიერ ხორციელდება. მასში ყოველწლიურად 9-დან 16 წლამდე 200-მდე მოსწავლეა ჩართული.