ანაზღაურებადი სტაჟირება ახალგაზრდებს სამუშაო გამოცდილებაშიც ჩაეთვლებათ. მთავრობის დადგენილებით, მსურველები საჯარო დაწესებულებებში პრაქტიკულ გამოცდილებას 3 თვის განმავლობაში მიიღებენ. კონკურსში მონაწილეობის უფლება ნებისმიერ ახალგაზრდას აქვს, რომელიც ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის სტუდენტია ან მაგისტრატურაზე სწავლობს. ასევე, 2024-2025 წლების გაზაფხულის სემესტრში, ბაკალავრიატი ან მაგისტრატურა დაამთავრა. საუბარია სხვადასხვა სახელმწიფო უწყების მიერ გამოცხადებულ 3 ათასამდე ვაკანსიაზე. მსურველებს განცხადებების შეტანა პირველიდან ათი სექტემბრის ჩათვლით შეეძლებათ.
მიმდინარე წელს 300 სტაჟიორის მიღებას გეგმავს ჯანდაცვის სამინისტრო და უწყებაში შემავალი სამსახურები. გასულ წელს უწყებამ 100-ზე მეტი სტაჟიორი მიიღო. მათი დიდი ნაწილი, სამუშაო გამოცდილების მიღების შემდეგ, სხვადასხვა პოზიციაზე დასაქმდა. წელს 200-მდე სტაჟიორს მიიღებს განათლების სამინისტრო და უწყებაში შემავალი საჯარო სამსახურები.
მიმდინარე წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო დასაქმების შანსს 300-მდე ახალგაზრდას მისცემს. განსაკუთრებული ყურადღება დეფიციტურ სპეციალობებს დაეთმობა. 70-ზე მეტი სტაჟიორის მიღებას გეგმავს ინფრასტრუქტურის სამინისტრო. უწყებაში აქცენტს მშენებლობის, საინჟინრო და არქიტექტურულ მიმართულებებზე აკეთებენ.
კონკურსი ორი ეტაპისგან შედგება. განაცხადების გადარჩევის შემდეგ, სტაჟიორთა შერჩევისას გადამწყვეტ როლს კანდიდატის აკადემიური მოსწრება შეასრულებს.