10 აგვისტო 2026,   22:17
ვრცლად
ქვეყანაში სპორტის განვითარებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია - პრემიერის ინიციატივით დამტკიცებული პროგრამის განხორციელება აქტიურად მიმდინარეობს

დედაქალაქის ცენტრში სულ მალე ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაიწყება. სივრცე, რომელიც დღეს მოუვლელია, სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის ადგილად იქცევა. ტერიტორიაზე არანაკლებ 2 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდება.

კერძო კომპანიას ინვესტიციის განსახორციელებლად 11 650 კვადრატული მეტრი მიწა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გადაეცა. "სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის პროგრამა" პრემიერ-მინისტრის ინიციატივით დამტკიცდა და მიზნად ისახავს სპორტის განვითარების ხელშეწყობას და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.

პროგრამა გრძელდება და მონაწილეობის მიღება ნებისმიერ მეწარმე სუბიექტს შეუძლია, რომელიც სახელმწიფოს, კონკრეტულ ტერიტორიაზე სპორტული ინფრასტრუქტურის მოწყობის პროექტს შესთავაზებს. დეტალური ინფორმაცია სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზეა ხელმისაწვდომი.

სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის მიმართ კერძო სექტორის დაინტერესება დიდია. ეს კი პროგრამაში ჩართული მხარეებისთვის მნიშვნელოვან წინაპირობას ქმნის, რომ ქვეყნის მასშტაბით, ახალი სპორტული ინფრასტრუქტურის მშენებლობა დაიწყოს. მოხდეს არსებული ობიექტების რეაბილიტაცია და სოლიდური ინვესტიციები განხორციელდეს.

უფრო აქტიური და ჯანმრთელი ახალი თაობა - სპორტის ხელმისაწვდომობის გაზრდა სახელმწიფოს პრიორიტეტებს შორისაა.

 

ავტორი: ირაკლი კოშაძე

დღის ამბები