ხელისუფლების დამხობის ინიციატორები და ორგანიზატორები ბრალის წარდგენის მოლოდინში არიან - პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე და ლაშა ბერიძე დიღმის იზოლატორში იმყოფებიან, სადაც ცოტა ხნის წინ ადვოკატები მივიდნენ. აქციის ორგანიზატორები სამართალდამცველებმა სხვადასხვა ტერიტორიაზე გვიან ღამით აიყვანეს.
გამოძიება მათ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან სახელმწიფო დამხობისკენ მოწოდებას, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას და მასში მონაწილეობას ედავება.
ადვოკატების ნაწილმა დიღმის პოლიციის მთავარი სამმართველოს იზოლატორი ცოტა ხნის წინ დატოვეს, სადაც დაკავებულები არიან მოთავსებული. ადვოკატების ნაწილი იმყოფებოდა მათთან, კერძოდ მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე და პაატა მანჯგალაძე მოინახულეს იურისტებმა.
"ეს არ არის საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დარღვევა, პირიქით - ეს არის მცდელობა საქართველოს კანონმდებლობის, კონსტიტუციის ფარგლებში დასაბრუნებლად. ეს არის ბუნებრივია, სრულიად კეთილშობილური და სრულიად პატრიოტული მოტივაცია", - აცხადებს ბექა ბასილაია.
"სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე ამბობს, რომ დაკავებულებისთვის პატივია, რომ ისინი ტყვეობაში იმყოფებიან.
"ამ ადამიანებისთვის პატივია, რომ იმყოფებიან რეჟიმის ტყვეობაში იმ ბრძოლისთვის, რა ბრძოლაც უკავშირდება ამ ქვეყნის გათავისუფლებას და ნათელ მომავალს.
როგორ შეიძლება, ადამიანი აღიარებდეს, ადამიანმა თქვა, რომ იქ, სადაც არის რუსული მიტაცებული ავტოკრატიული რეჟიმი, იქ დამხობაზე საუბარი არის სასაცილო და ჩემთვის პატივია, რომ ეს ბრალი წამიყენესო და თქვენ მეუბნებით ბრალს აღიარებსო, რა ბრალი უნდა ვაღიარო?“ - აცხადებს "სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის" ხელმძღვანელი ირაკლი აბესაძე.