10 აგვისტო 2026,   11:23
ვრცლად
მთავარი საკითხი არის არა ის, თუ როდის დაიწყო ომი, არამედ რატომ დაიწყო და რატომ შეიყვანა სააკაშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველო ამ ომში - შალვა პაპუაშვილი

"თარიღებით მანიპულაცია "ნაციონალური მოძრაობის" ხელწერაა, რითაც სურთ, გადაფარონ მთავარი კითხვა - არა ის, თუ როდის, არამედ რატომ დაიწყო 2008 წლის ომი," - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის "მარიონეტულმა რეჟიმმა" ქვეყანა დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში გასაწირ პაიკად აქცია.

"პოზიციებიც შეიცვალა. ზოგადად, თარიღებით მანიპულაცია და ჟონგლიორობა გამორჩეული ნიშაა, რითაც "ნაციონალური მოძრაობა" და ეს აგენტურა გამოირჩევა. ეს იგივე ხაზია, რაც 7 იანვარი თუ 25 დეკემბერი, 8 მაისი თუ 9 მაისი, 7 აგვისტო თუ 8 აგვისტო. ეს არის სპეციალურად, გარედან შემოგდებული საკითხები იმისთვის, რომ საზოგადოება მთავარ საკითხებზეც კი ვერ შეთანხმდეს და გადაიფაროს ის მთავარი თემა, რაც სინამდვილეში აქტუალურია. აქ საკითხი ის კი არ არის, როდის დაიწყო ომი, მთავარი კითხვაა - რატომ დაიწყო.

ეს ომი არ იქნებოდა, მაშინ საქართველოს ხელისუფლებაში სააკაშვილის მარიონეტული რეჟიმი რომ არ ყოფილიყო და ქვეყანას "ქართული ოცნების" მსგავსი პატრიოტული ძალა მართავდეს. არ იქნებოდა ომი, არ იქნებოდა ნგრევა, მსხვერპლი და თუ 2008 წლის ომი არ იქნებოდა, დიდი ალბათობით, არც უკრაინის ომი დაიწყებოდა. ეს არის მთავარი კითხვა, რომლისგანაც გაქცევა უნდათ: მაშინ საქართველო გეოპოლიტიკური დაპირისპირების ჭადრაკის დაფაზე გასაწირ პაიკად იქცა, რომელსაც თავისი ფუნქცია უნდა შეესრულებინა. ასეთი ფუნქცია დაგვაკისრეს მარიონეტული რეჟიმის ხელით, რომ ჩვენ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში გასაწირი პაიკი ვყოფილიყავით.

2022 წელსაც ზუსტად იგივე სიტუაცია იყო. ვიღაცას უნდოდა, რომ ჩვენ კვლავ პაიკი ვყოფილიყავით, კვლავ შევსულიყავით სამხედრო დაპირისპირებასა და ომში მაშინ, როდესაც ევროპის კონტინენტზე მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ყველაზე დიდი კონფლიქტი დაიწყო. სწორედ 2022 წელს, "ქართული ოცნების" ნაცვლად, ხელისუფლებაში რომ ყოფილიყო ეს პოლიტიკური წარმონაქმნები "ნაციონალური მოძრაობისა" და დღევანდელი აქტივისტური ჯგუფების სახით, მაშინაც აუცილებლად იქნებოდა ომი და დღეს ჩვენ უკვე ნაომარი, დანგრეული ქვეყანა ვიქნებოდით. ამიტომ ეს არის მთავარი საკითხი: არა ის, თუ როდის დაიწყო ომი, არამედ რატომ დაიწყო და რატომ შეიყვანა სააკაშვილმა და მისმა მარიონეტულმა რეჟიმმა საქართველო ამ ომში," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

დღის ამბები