06 აგვისტო 2026,   11:27
ვრცლად
წერილი გიული ალასანიას წინააღმდეგ - ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა მრავალმილიონიანი ქონების უკანონო მიტაცების ბრალდებით პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა

22 000 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა სპორტული მოედნებითა და ლაბორატორიებით - ტექნიკური უნივერსიტეტის მრავალმილიონიანი ქონების უკანონოდ მიტაცებაში ამ უნივერსიტეტის მოქმედი რექტორი, გიული ალასანიას ადანაშაულებს. დავით გურგენიძემ დღეს პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროფესორის თქმით, უნივერსიტეტის საკუთრების მითვისება ალასანიამ 2006 წლიდან დაიწყო, შენობა- ნაგებობები კი 1 ლარად 2008 წელს, აგვისტოს ომის პერიოდში გადაიფორმა.

პროკურატურისთვის მიმართვამდე იყო საპარლამენტო საგამოძიებო კომისია. ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა და კანცლერმა მაშინ დეტალურად ისაუბრეს თუ როგორ აღმოჩნდა 22 000 კვადრატული მეტრი ფართობის შენობა-ნაგებობა გიული ალასანიას ხელში.

ბრალდებების ადრესატმა დღეს "კურიერის" ზარები უპასუხოდ დატოვა. სააკაშვილის დედამ შეკითხვებს არც მსჯავრდადებული ექსპრეზიდენტის მონახულების შემდეგ უპასუხა.

ალასანია დუმს, მისივე უნივერსიტეტის რექტორი კი ამტკიცებს, რომ მრავალმილიონიანი ქონება მიხეილ სააკაშვილის დედამ არა პრეზიდენტი შვილის დახმარებით სიმბოლურ ფასად - 1 ლარად, არამედ კანონიერად, საბაზრო ღირებულებაზე უფრო ძვირად შეიძინა.

ფაქტები არ ახსოვს, მაგრამ ამას "ნაციონალური მოძრაობის" წევრისთვის დასკვნის გამოტანაში ხელი არ შეუშლია. საგამოძიებო უწყებას ჯერ გამოძიება არ დაუწყია, ლაშა ფარულავა კი უკვე ამტკიცებს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.

პოლიტიკური დევნას არა, მაგრამ პოლიტიკური კორუფციის ნიშნებს ხედავენ სახელისუფლებო გუნდში.

გიული ალასანიას მიერ ტექნიკური უნივერსიტეტის ქონების სავარაუდოდ მიტაცებასთან დაკავშირებით დღეს პრემიერმინისტრმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძის თქმით, ყველა კითხვას პასუხი შესაბამისმა უწყებებმა უნდა გასცენ.

ტექნიკური უნივერსიტეტის წერილი უკვე ადრესატთანაა, განცხადების ავტორები გამოძიების დაწყების პარალელურად საგამოძიებო მოქმედებების პერიოდში ალასანიას ქონების დაყადაღებას, შენობა ნაგებობების დაბრუნებასა და წლების განმავლობაში უნივერსიტეტისთვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასაც ითხოვენ.

გენერალურ პროკურატურას წერილით მიმართავს დავით გურგენიძე, ტექნიკური უნივერსიტეტის ხელმძღვანელი და მოითხოვს დაიწყოს საქმის გამოძიება, თუ როგორ აღმოჩნდა 1 ლარად გიული ალასანიას ხელში უნივერსიტეტის ერთ-ერთი კორპუსი. 

ავტორი: ნანა გოგატაძე

დღის ამბები