დაანონსებულ განათლების რეფორმას, რომელსაც ჯერ მხოლოდ კონცეფციის სახე აქვს, ოპოზიციისა და აქტივისტების ნაწილმა უკვე რუსული დაარქვა. განათლების სამინისტროსთან დღეს ცვლილებების გაუქმება განხორციელებამდე მოითხოვეს. სახელისუფლებო გუნდში პროცესების მსგავსი სცენარით განვითარება არ უკვირთ. ამბობენ, რომ რუსული იარლიყის მიწებება ქართული ოპოზიციის მუდმივი უარგუმენტობის ნიშანია. მმართველ პარტიაში არაერთ იდენტურ შემთხვევას იხსენებენ.
რა კავშირი აქვს განათლების ახალ რეფორმას რუსულ საგანმანათლებლო სივრცესთან - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს აქციის მონაწილეებს გაუჭირდათ. მიუხედავად ამისა, განათლების სამინისტროსთან შეკრებილები ამტკიცებდნენ, რომ სისტემის განახლებასა და დახვეწაზე საუბარიც კი, ქვეყანას დასავლურ სივრცეს დააშორებს.
სასწავლო პროგრამების დახვეწა, ხარისხის მართვის სისტემის გაუმჯობესება, უნივერსიტეტების ინფრასტრუქტურის განახლება, უნივერსიტეტებში მიმართულებების ოპტიმიზაცია და სავარაუდოდ, სკოლის სისტემის შეცვლა - ამ ძირითადი საკითხებიდან, ოპოზიცია რუსულ კვალს 12 კლასის ნაცვლად შესაძლო 11 კლასამდე დაყვანაში ხედავს.
ოპოზიციას სპეკულაციასა და არაპროფესიონალიზმში ადანაშაულებს საპარლამენტო უმრავლესობა. კანონმდებლების თქმით, რუსული შტამპი მათი და მათი ლობისტების მხრიდან არაერთ ქვეყანაში საპირისპირო აზრის ჩასახშობად გამოიყენება. რეალურად კი, ირაკლი კობახიძის მიერ ინიცირებული რეფორმა, საუნივერსიტეტო განათლებასა და დიპლომის ხარისხს გაათანაბრებს, რაც ქვეყანაში მეტ კვალიფიციურ კადრს წარმოშობს.
განათლების რეფორმის კონცეფცია და ხედვა პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას გასულ კვირას გააცნო. გეგმის მიხედვით, ცვლილებების პირველი ეტაპი 1 წელიწადში უნდა განხორციელდეს. დასრულებული სახე კი, პროექტს, სავარაუდოდ 2028 წლისთვის მიეცემა.