06 აგვისტო 2026,   18:57
ვრცლად
ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას სავარაუდოდ ბრალი დღეს წარედგინება

ინფრასტრუქტურის მინისტრის ყოფილ მოადგილეს კობა გაბუნიას სავარაუდოდ ბრალი დღეს წარედგინება, რის შემდეგაც უკვე სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე იმსჯელებს. ყოფილ მაღალჩინოსანს გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას ედავება. საუბარია ე.წ. "ბაღების საქმის" ეპიზოდზე, რომელზეც ასევე პასუხისგებაშია მიცემული მუნიციპალური განვითარების ფონდის რამდენიმე წარმომადგენელი.

საქმე ეხება 30 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისთვის ავანსად გაცემული 11 მილიონიდან, 9 მილიონ 400 ათასი ლარის თაღლითურად დაუფლებას და ასევე 1 200 000 ლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას.

გუშინ ფინანსთა სამინისტროში ჩატარებული ბრიფინგიდან ასევე ცნობილი გახდა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და საგამოძიებო სამსახურებმა პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკა ჩაატარეს 20 სხვადასხვა ობიექტზე, მათ შორის სამართალდამცავები შევიდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის ყოფილი მინისტრის ირაკლი ქარსელაძის სახლშიც. საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ყოფილი მაღალჩინოსნების საქმეების ძიება გრძელდება.

დღის ამბები