პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ "ღამის კურიერის" ეთერში ისაუბრა მმართველი გუნდის ახალ ინიციატივაზე, რომელიც კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალური კანონის მიღებას გულისხმობს.
როგორც არჩილ გორდულაძემ აღნიშნა, ეს არის გერმანიაში პრაქტიკაში განხორციელებული პროგრამა, რომელმაც ეფექტურად იმუშავა.
"ვნახეთ და შევისწავლეთ გერმანიის კარგი გამოცდილება, რომელსაც რამდენიმე ათეული წელია აქვს საკანონმდებლო სივრცე და პრაქტიკაში განხორციელებული პროგრამები. მათი მიხედვით, როდესაც 14 წელს მიუღწეველი არასრულწლოვანი ჩაიდენს ისეთ ქმედებას, რომელიც თავისი შინაარსით დანაშაულია, მულტიფუნქციური ჯგუფი იმსჯელებს ამაზე. ჯგუფში ჩართულები არიან ექსპერტები, ბავშვთა ფსიქოლოგები, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებიც გადაწყვეტენ, არის თუ არა მიზანშეწონილი კონკრეტული ბავშვის გადაყვანა სპეციალურ დაწესებულებაში, რომელიც სრულად იქნება აღჭურვილი ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
ეს გადაწყვეტილება გადის სასამართლო კონტროლს და მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი ბავშვის მოთავსება აღნიშნულ დაწესებულებაში, სადაც სპეციალიზებული პროგრამით განხორციელდება ზრუნვა, რათა ისინი დაბრუნდნენ საზოგადოებაში და აღარ იყვნენ კანონთან კონფლიქტში. განსაზღვრულია, რომ 6 თვით არის შესაძლებელი მათი მოთავსება.
აღსანიშნავია, რომ არავის ეკრძალება ამ დაწესებულებაში შესვლა, ყველას შეეძლება შესვლა (მათ წარმომადგენლებს). ეს არავითარ შემთხვევაში არ არის ციხე. ბავშვებს არ ექნებათ შესაძლებლობა, რომ ამ 6 თვის განმავლობაში სხვა პირებთან ჰქონდეთ თავისუფალი ურთიერთობა - ისევ და ისევ იმიტომ, რომ იმ სოციუმის წევრებისგან, რომლებიც აქეზებდნენ დანაშაულის ჩასადენად, საჭიროა მათი განცალკევება.
თუ 6 თვის განმავლობაში ზრუნვის პროგრამამ შედეგი გამოიღო, მულტიფუნქციურ ჯგუფს შეუძლია უფრო ადრე მიიღოს გადაწყვეტილება და ბავშვი ოჯახში დაბრუნდეს; ხოლო თუ 6 თვეში შედეგი არ იქნება, მულტიფუნქციური ჯგუფის გადაწყვეტილებით და სასამართლო კონტროლით შეიძლება ზრუნვა გაგრძელდეს.
მთავარი მიზანია, რომ არ დავუშვათ გარკვეული პირების ზეგავლენა ბავშვებზე, რომლებიც მათ იყენებენ დანაშაულის ჩადენის მიზნით. სამწუხაროდ, ახლა ასეთი ბევრი შემთხვევა გვაქვს. იციან, რომ 14 წლამდე პირი სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას არ დაექვემდებარება და პირდაპირ აქეზებენ დანაშაულის ჩადენაზე", - აცხადებს არჩილ გორდულაძე.