საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პოლიტიკოსების წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მხარეები სჯელობენ მტკიცებულებების დასაშვებობაზე, ასევე, გადაიხედება დაკავებულების და ძებნაში მყოფი ირაკლი შაიშმელაშვილის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება.
ბრალდებულები არიან პაატა ბურჭულაძე, მურთაზ ზოდელავა, ირაკლი ნადირაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე და კიდევ 6 პირი. საქმე აღძრულია სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების მცდელობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და ხელმძღვანელობის, ასევე სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე.
ლაშა ბერიძის ადვოკატი რამაზ ჩინჩალაძე აცხადებს, რომ არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა.
"პოლიტიკური საქმეების განხილვის სპეციფიკიდან და პრაქტიკიდან გამომდინარე, რაიმე ახალ გარემოებას დღეს არ ველოდებით. პირდაპირ გეტყვით, რომ არ ველოდებით აღკვეთის ღონისძიების შეცვლას, ან იმას, რომ სასამართლო შეწყვეტს სისხლის სამართლებრივ დევნას. რაც შეეხება კონკრეტულ მტკიცებულებებს - ლაშა ბერიძესთან დაკავშირებით რაიმე სახის მტკიცებულება, რომ მან ჩაიდინა ძალადობის ორგანიზება ან სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობა, საქმეში არ არის," - ამბობს ლაშა ბერიძის ადვოკატი.
პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი აცხადებს, რომ საქმეში მოპოვებულია არაერთი დამატებითი მტკიცებულება, - მათ შორის, მოწმეთა გამოკითხვის ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები.
"ვიმსჯელებთ მხარეთა მიერ მოპოვებული მტკიცებულებების დასაშვებად ცნობის საკითხებზე. ასევე, ვიმსჯელებთ აღკვეთის ღონისძიების ძალაში დატოვების საკითხზეც. საქმეში დამატებით მოპოვებულია არაერთი მტკიცებულება, როგორიც გახლავთ მოწმეთა გამოკითხვის ოქმები, - დამატებით, სხვადასხვა პირი გახლავთ დაზარალებულად ცნობილი. მოპოვებულია ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რითაც ცალსახად დასტურდება, რომ ღობეზე მანამდე მექანიკური დაზიანების კვალი არ აღინიშნებოდა," - აცხადებს პროკურორი თამარ ბეჟუაშვილი.