თბილისი და ზაარბრიუკენი - ორი ქალაქის დამეგობრების ორმოცდაათ წლიანი ისტორია და ლიტერატურა, როგორც ხიდი ხელოვანებს შორის - თბილისი ისტორიულ დიალოგს აგრძელებს და მწერალთა სახლში გერმანელ ავტორებსა და კინოდრამატურგებს მასპინძლობს.
მანფრედ და ულრიკე იაკობსები გერმანიაში ცნობილი წიგნის "საზღვრის გადამლახველი, ელიზაბეტ ლოთარინგიელის" ავტორები არიან. ქართველ მკითხველს შესაძლებლობა ჰქონდა თანამედროვე გერმანულ ლიტერატურასა და კინოდრამატურგიაში მიმდინარე პროცესებს ახლო რაკურსიდან გასცნობოდა.
პირველი ოფიციალური ხელშეკრულება დასავლეთ გერმანიის ქალაქსა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქალაქს შორის 1975 წელს გაფორმდა, რის შემდეგაც თბილისისა და ზაარბრიუკენის დელეგაციები ერთმანეთს რეგულარულად სტუმრობდნენ. დამეგობრების 50 წლის იუბილეს აღსანიშნავად სტუმრები ერთი კვირის განმავლობაში, ისტორიულ სივრცეში ლიტერატურულ შეხვედრებს გამართავენ.
შეხვედრას მოდერაციას უწევდა საქართველოს ელჩი გერმანიაში. ალექსანდრე კარტოზიას თქმით, "გერმანული ლიტერატურის დღეები" მიზნად ქართულ და გერმანულ ლიტერატურულ სივრცეებს შორის დიალოგის გაღრმავებას და თანამედროვე ლიტერატურული პროცესების ხელშეწყობას ისახავს.
"გერმანული ლიტერატურის დღეები" კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით იმართება. პროექტის ფარგლებში თბილისს რალფ შოკი და უტე ვერნერიც სტუმრობენ. ისინი ქართველ მკითხველს ხვალ შეხვდებიან.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი