04 აგვისტო 2026,   23:47
ვრცლად
განათლების სისტემური რეფორმა და მხარეების პოზიცია - რა შედეგებით დასრულდა განათლების სამინისტროში პროფესორებთან მორიგი შეხვედრა

დაზიანებული ინვენტარი, აუდიტორიები, ავარიული კედლები - ასე გამოიყურება ტექნიკური უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურის ნაწილი, რომელიც "კურიერმა" უმაღლესი სასწავლებლის სხვადასხვა კორპუსში გადაიღო.

ამ მდგომარეობის მიუხედავად, ლექტორების გარკვეული ნაწილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას ეწინააღმდეგება.

ტექნიკურ უნივერსიტეტში არსებულ ინფრასტრუქტურულ და სხვა სახის პრობლემებს არ უარყოფენ ოპოზიციის მხარდამჭერი ის სტუდენტები, რომლებიც განათლების რეფორმისა და უნივერსიტეტების გაერთიანების წინააღმდეგ საპროტესტო აქციებს აორგანიზებენ.

სწორედ ინფრასტრუქტურული და სხვა პრობლემების გამოსწორებისა და სტუდენტების სწავლის ხარისხის ამაღლების მიზნით გადაწყდა განათლების სისტემური რეფორმის განხორციელება. საკანონმდებლო ინიციატივა უკვე პარლამენტშია. პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანებით ახალი, რეგიონული განათლების ცენტრი შეიქმნება, რაც საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესია.

ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორატის და პროფესორ-მასწავლებლების შემდეგ, განათლების სამინისტროში დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლებს შეხვდნენ.

რეფორმის მნიშვნელობაზე განათლების მინისტრის მოადგილემ დღეს კიდევ ერთხელ, ამჯერად საკანონმდებლო ორგანოშიც ისაუბრა. ზვიად გაბისონიამ ინიციატივა დეპუტატებს ჯერ კომიტეტებზე გააცნო, შემდეგ კი პლენარულ სხდომაზე. განათლების სამინისტროს რეფორმამ პირველი მოსმენით კანონმდებლებისგან მხარდაჭერა მიიღო.

პარლამენტის გარდა, რეფორმის განხილვა განათლების სამინისტროში ლექტორებთან ერთად კვლავ გრძელდება.

დღის ამბები