უსაფრთხო და შეუფერხებელი გადაადგილება, დაზოგილი დრო და მანძილი- სწორედ ამ მიზნებს ემსახურება ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელიც რაჭაში ხორციელდება. შქმერი-მრავალძალის 9-კილომეტრიანი საავტომობილო გზის რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია.
მიმდინარე სამუშაოებს პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო. რეაბილიტაცია რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობს. პროექტი მოიცავს ახალი ასფალტის დაგებას და განახლებული ინფრასტრუქტურის მოწყობას. სამუშაოებისთვის 23 მილიონი ლარი დაიხარჯება და 2028 წელს დასრულდება. პრემიერ-მინისტრს თქმით, ახალი პროექტი დამატებით იმპულსს მისცემს რეგიონის განვითარებას.
აქტიურ ფაზაშია ქალაქ ონის შესასვლელთან შიდა სახელმწიფოებრივი გზის რეაბილიტაცია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს საავტომობილო მონაკვეთის აღდგენა და დამცავი კედლების მოწყობა, რომელიც მეწყრულმა პროცესებმა დააზიანა.
მოსახლეობის უსაფრთხოდ და კომფორტულად გადაადგილების მიზნით, რეაბილიტაციის პარალელურად, დროებითი გზა გაკეთდა. საავტომობილო მონაკვეთზე დაეგო ასფალტის საფარი, გაკეთდა სპეციალური მონიშვნები. ინფრასტრუქტურის მინისტრმა მთავრობის მეთაურს დაგეგმილ და მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია ადგილზე გააცნო.
საგზაო ინფრასტრუქტურის გარდა, ამბროლაურში ახალი კულტურის ცენტრის რეაბილიტაციაც მიმდინარეობს. რეკონსტრუქციის შედეგად, კულტურის ცენტრს შეუნარჩუნდება ისტორიული იერსახე და უფრო მეტად მრავალფუნქციური გახდება. პროექტს, რომელიც თეატრის, სამუზეუმო და საგანმანათლებლო სივრცეების მოწყობას გულისხმობს, მთავრობის მეთაური ადგილზე გაეცნო. ამბროლაურს მალე ახალი პარკიც ექნება. რეკრეაციული სივრცეში მოეწყობა საბავშვო, სპორტული და დასასვენებელი ზონები.
რაჭაში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო კავშირებს. შექმნის ახალ საზოგადოებრივ და კულტურულ სივრცეებს, რაც რეგიონს დამატებით ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს.