05 აგვისტო 2026,   06:58
ვრცლად
"დედაქალაქის ფილტვებად" ცნობილ საბადურის ტყეში ეკო-ტურისტული და სარეკრეაციო სივრცეები მოეწყო

დღე საბადურის ტყეში რეინჯერებისთვის ბევრად უფრო ადრე იწყება, ვიდრე აქ პირველი დამსვენებლები გამოჩნდებიან. მათი მთავარი მიზანი ბუნების დაცვა და სტუმრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნაა.

"დედაქალაქის ფილტვებად" ცნობილი საბადურის ტყე თბილისის ეროვნული პარკის მთავარი სიმდიდრეა. წიფლისა და მუხის უზარმაზარი ხეები, სოკოების არაერთი სახეობა და ტყის განსაკუთრებული ბინადრები - თბილისთან ახლოს მდებარე უნიკალური სივრცე ქართველი და უცხოელი ვიზიტორებისთვის ოთხივე სეზონზე მიმზიდველია.

ვიზიტორთა მზარდი ინტერესის გამო, ტერიტორიაზე ეკო ტურისტული და სარეკრეაციო სივრცეები მოეწყო.

შეიქმნა 55-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკების ქსელი, განთავსდა საინფორმაციო საინტერპრეტაციო და საორიენტაციო ნიშნულები, საპიკნიკე და საკარვე ადგილები, ამფითეატრი, ავტო და ველოპარკინგები, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი, რომელიც ეროვნული პარკის გაცნობის პირველი ადგილია. აქ სტუმრები ინფორმაციას საფეხმავლო მარშრუტების და უსაფრთხოების წესების შესახებ იღებენ, ეცნობიან დაცული ტერიტორიის ბიომრავალფეროვნებას და მათთვის სასურველ ტურისტულ მარშრუტს არჩევენ.

დაცული ტერიტორიების სააგენტოში აცხადებენ, რომ თბილისის ეროვნული პარკის ეკო ტურისტული განვითარება მნიშვნელოვანი პროექტია, რომელიც დედაქალაქის მოსახლეობისთვის განტვირთვისა და დასვენების, ადგილობრივებისთვის კი, ტურისტულ ბიზნესში ჩართვის საუკეთესო საშუალებაა.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ეროვნული პარკების ტურისტული ინფრასტრუქტურის და სერვისების განახლებას და ახალი შესაძლებლობების შექმნას სამომავლოდაც განაგრძობს, იმისათვის, რომ ვიზიტორებს უსაფრთხო, კომფორტული და დაუვიწყარი გამოცდილება შესთავაზოს.

 

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები