05 აგვისტო 2026,   19:52
ვრცლად
რუსოფობიის რიტორიკა და ომის შემდგომი პოლიტიკა - პრემიერ-მინისტრის ვრცელი წერილი აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე

რატომ დაევალა ოპოზიციას რუსოფობია მხოლოდ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ და რატომ არა 2008 წლის აგვისტოში, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სამხედრო აგრესიის დროს? - ამ რიტორიკული შეკითხვით ასრულებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვრცელ წერილს, რომელიც აგვისტოს ომიდან 18 წლის თავზე მოვლენების დეტალურ პოლიტიკურ ანალიზს ემსახურება.

ირაკლი კობახიძე იხსენებს, რა დამანგრეველი შედეგი მოუტანა ქვეყანას იმდროინდელი ხელისუფლების პროვოკაციულმა პოლიტიკამ. 412 დაღუპული, 2 000-ზე მეტი დაჭრილი, ათასობით დევნილი საკუთარ სამშობლოში და დაკარგული 120 სოფელი - ეს იმ უზარმაზარი ზარალის ნაწილია, რომლის შემდეგაც, პრემიერის თქმით, სააკაშვილის მთავრობამ, ლეგიტიმური რუსოფობიური რიტორიკის ნაცვლად, ოკუპანტთან თანამშრომლობის გაღრმავება დაიწყო. მოხსნა უვიზო რეჟიმი ცალმხრივად, ახალისებდა ეკონომიკურ კავშირებს და, ომიდან რამდენიმე თვეში, ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები რუსულ კომპანიებს ჩააბარა, რითაც ქვეყნის ენერგოდამოუკიდებლობას შეუქმნა საფრთხე.

პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას დღეს მოქმედი ოპოზიციისა და NGO-ების მაშინდელ დუმილსაც ახსენებს. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ გააქტიურებული პერსონები სააკაშვილის რიტორიკისა და ბუნებრივი რესურსების რუსულ კომპანიებზე გასხვისების პირობებში ჩუმად იყვნენ, იმ ფონზე, როდესაც, ექს-პრეზიდენტის ქმედებებამდე რამდენიმე თვით ადრე, რუსული ბომბები საქართველოში ცვიოდა. ამ პარადოქსის მიღმა პრემიერი ე.წ. Deep state-სა და საქართველოში მისი გავლენის აგენტების მორიგ ლუსტრაციას ხედავს, რაც, მისი თქმით, ოპოზიციისა და NGO-ების ე.წ. კორპორაციების მიმართ სრულ მორჩილებაზე მიუთითებს.

გარე დავალების უსიტყვო მორჩილება და ნული შესაძლებლობა მანევრირებისთვის - ირაკლი კობახიძის აზრით, ასეთია იმ ხალხის პოლიტიკური უნარები, რომლებსაც ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ. გავრცელებულ ტექსტში საუბარია უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაწყებულ კამპანიაზე, რომელიც ევროპაში ფართომასშტაბიანი კონფლიქტის თანმდევი საინფორმაციო ომის ნაწილი უნდა ყოფილიყო. სწორედ ამიტომ დადგა დღის წესრიგში მძაფრი ანტირუსული რიტორიკა, რომელიც ქართველი ოპოზიციონერების მხრიდანაც უნდა გაჟღერებულიყო. რუსოფობიისთვის გაცილებით დიდი ლეგიტიმაციის პირობებში კი, მათ სიჩუმე ამჯობინეს. ირაკლი კობახიძე წერს, რომ ქართული საზოგადოება ოპოზიციის ანტისახელმწიფოებრიობას წლებია საკუთარი არჩევანით ადასტურებს, ხელისუფლების მიმართ მთავარი დაკვეთა კი მშვიდობისა და სუვერენიტეტის შენარჩუნებაა. პრემიერი ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს, რატომ დააყენა მაშინდელმა ხელისუფლებამ სამშობლო სხვა, თუნდაც მეგობარი ქვეყნის ინტერესებზე დაბლა.

2026 წლის 8 აგვისტოს რუსული სამხედრო აგრესიიდან 18 წელი სრულდება. მაშინ საქართველომ, ტერიტორიების 20 პროცენტის დროებით ოკუპაციასთან ერთად, ასობით მშვიდობიანი მოქალაქისა და სამხედრო პირის სიცოცხლე დაკარგა.

 

დღის ამბები