ძველი თბილისი და თანამედროვე მეიდანი, ძველისა და ახლის სინთეზი - აქ ყველა ქუჩას და შენობას თავისი ისტორია აქვს. დროის კვალი ყველაზე კარგად ძველ შენობებს ეტყობა.
საშიში ერთი მიზეზის გამო გახდა - საცხოვრებელი სახლების უმეტესობა ავარიულია. ამ მიზეზით ბევრმა ადგილობრივმა სახლის კარი დიდი ხნის წინ დაკეტა. ამ ფონზე, ადგილობრივებისთვის მისაღებია ინიციატივა, რომლის მიხედვითაც დედაქალაქის მერია კერძო მესაკუთრეებს შენობების გამოსყიდვას სთავაზობს.
გამოსყიდვას დაექვემდებარება კულტურული მემკვიდრეობის ზონაში მდებარე ის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები, რომლებიც ავარიულია და დემონტაჟს საჭიროებს. აუცილებელი პირობა ყველა მესაკუთრის თანხმობაა. კერძო საკუთრების ღირებულებას სამხარაულის ექსპერტიზის ბიურო განსაზღვრავს. დედაქალაქის მერმა მთავრობის სხდომაზე მოსახლეობას ის კრიტერიუმები გააცნო, რომლებიც პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაითვალისწინონ.
პროგრამას თბილისის განვითარების ფონდი განახორციელებს, გამოსყიდული ტერიტორიები კი საინვესტიციოდ მომზადდება. განახლების პროცესში მთავარი აქცენტი ისტორიული უბნის სპეციფიკაზე გაკეთდება.
ახალი პროგრამის შემუშავებასთან ერთად იცვლება ქირის გაცემის წესიც. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც მუნიციპალიტეტმა ავარიული კორპუსებიდან წლების წინ გაიყვანა. ცვლილების მიხედვით, პირს, რომელიც უარს განაცხადებს ჩანაცვლების რომელიმე პროგრამაში მონაწილეობაზე, ქირის საფასურს მუნიციპალიტეტი აღარ აუნაზღაურებს.
ისტორიულ არეალებში ავარიული შენობების გამოსყიდვის პროგრამა დედაქალაქის მერიას უკვე დაწყებული აქვს. მსურველებმა მუნიციპალიტეტს საჭირო დოკუმენტებით უნდა მიმართონ.