04 აგვისტო 2026,   23:42
ვრცლად
დანაშაულის ადგილი არასდროს დუმს - კრიმინალისტების საქმე

როგორ იხსნება დანაშაული   

დამნაშავე შემთხვევის ადგილზე კვალს თითქმის ყოველთვის ტოვებს. მთავარი ამოცანა ამ კვალის აღმოჩენა, დაცვა და ყველა წესის დაცვით შესწავლაა - სწორედ ეს არის დანაშაულის გახსნის ერთ-ერთი ფუნდამენტური პრინციპი, რომელსაც გამომძიებლები და ექსპერტ-კრიმინალისტები ყოველდღიურ საქმიანობაში ეყრდნობიან.

ექსპერტ-კრიმინალისტის პროფესია განსაკუთრებულ ყურადღებას, ანალიტიკურ აზროვნებასა და ემოციური სტაბილურობის უნარს მოითხოვს. მათ უნდა შეძლონ დეტალებში დანახვა იმისა, რაც სხვებისთვის შეუმჩნეველია და ფაქტების ენაზე გადმოსცენ ის, რაც დანაშაულის რეალურ სურათს აღადგენს.

როგორ იწყება და ვითარდება გამოძიება შემთხვევის ადგილიდან ეჭვმიტანილის იდენტიფიცირებამდე? როგორ იკვლევენ სპეციალისტები ნივთმტკიცებებს და რა ეტაპებს გადის თითოეული მტკიცებულება ექსპერტიზის პროცესში?

ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად სტატიაში წარმოდგენილია რეკონსტრუქციული სცენარი - გამოგონილი ისტორია მანქანის დაყაჩაღების შესახებ, რომელიც რეალურ კრიმინალისტიკურ პროცედურებსა და ექსპერტიზის მეთოდებს ასახავს.

შემთხვევის ადგილი - პირველი კვალი

სცენარის მიხედვით, ავტომობილიდან წაღებულია ძვირფასი ნივთები და დიდი ოდენობით თანხა. საგანგებო სამსახურში შესული შეტყობინების შემდეგ შემთხვევის ადგილზე პირველები პოლიციის ეკიპაჟები და გამომძიებლები მიდიან. ტერიტორია იზოლირდება, რათა კვალის დაზიანება გამოირიცხოს, შემდეგ მუშაობას ექსპერტ-კრიმინალისტები იწყებენ.

დაზარალებულის ჩვენებისა და ადგილზე აღმოჩენილი პირადი ნივთების პირველადი დათვალიერების საფუძველზე ჩნდება ვარაუდი, რომ სავარაუდო დამნაშავე უცხო ქვეყნის მოქალაქეა. გაქცევისას მან სიჩქარეში რამდენიმე მნიშვნელოვანი ნივთმტკიცება დატოვა - თითის ანაბეჭდები, ქურთუკი, საფულე, პასპორტი და ცეცხლსასროლი იარაღი.

შემთხვევის ადგილის დათვალიერება გამოძიების საწყისი და ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. ექსპერტები თითოეულ მტკიცებულებას დეტალურად აღწერენ, ნომრავენ და ფოტოდოკუმენტაციას ამზადებენ. ყურადღება ექცევა, ერთი შეხედვით, უმნიშვნელო დეტალსაც კი - სწორედ ასეთი დეტალმა შეიძლება საბოლოოდ საქმის მიმართულება შეცვალოს.

პარალელურად, იწყება მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული ვიდეოკამერების ჩანაწერების მოძიება და მონიტორინგი. ამოღებული ნივთმტკიცებები ილუქება და შემდგომი, სიღრმისეული კვლევისთვის ექსპერტიზის დეპარტამენტში იგზავნება.

 

ნივთმტკიცებების კვლევა - ლაბორატორიიდან ლაბორატორიამდე

ცეცხლსასროლი იარაღი, პასპორტი, ფულადი კუპიურები და ვიდეოჩანაწერები - შემთხვევის ადგილიდან ამოღებული თითოეული მტკიცებულება ექსპერტიზის მრავალსაფეხურიან პროცესს გადის. ამ პროცესის მიზანია, სხვადასხვა ტიპის კვალიდან მაქსიმალური ინფორმაციის ამოღება და მათი ურთიერთკავშირის დადგენა.

ექსპერტიზის პირველი ეტაპი ბიოლოგიური კვლევაა. გენეტიკური ექსპერტიზის ჩატარების მიზნით სპეციალისტი ცეცხლსასროლი იარაღის ზედაპირიდან ანაწმენდებს იღებს. იმ ადგილებიდან, სადაც ადამიანის კონტაქტის კვალი სავარაუდოდ დარჩებოდა. პროცედურამდე ნივთმტკიცება დეტალურად ფოტოდოკუმენტირდება, რათა დაფიქსირდეს მისი მდგომარეობა, ზედაპირის თავისებურებები და კვალის შესაძლო ლოკაცია.

ანაწმენდის აღება ტარდება სტერილური ინსტრუმენტებითა და მკაცრი პროტოკოლის დაცვით, რათა გამოირიცხოს უცხო ბიოლოგიური მასალის მოხვედრა. მიღებული ნიმუშები ილუქება და გენეტიკური კვლევის ლაბორატორიაში გადადის.

 ექსპერტი:

 „ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ნივთმტკიცებიდან ანაწმენდის აღება წარმოადგენს ბიოლოგიური მასალის შეგროვებას, რომლის შემდგომი კვლევა საშუალებას გვაძლევს განვსაზღვროთ დანაშაულში მონაწილე პირთა გენეტიკური პროფილი იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც კვალი უხილავია. ვახდენთ ე.წ. კონტაქტური დნმ-ის შეგროვებას - ეს არის ბიოლოგიური მასალა, რომელიც ადამიანის სურვილისგან დამოუკიდებლად რჩება საგნების ზედაპირზე. მისი წყაროა ნერწყვი, ოფლი, ქერტლი და სხვა. კონტაქტური დნმ-ის ამოღება და მასზე ჩატარებული გენეტიკური ექსპერტიზა მნიშვნელოვან დახმარებას უწევს გამოძიებას.“

ბიოლოგიური ექსპერტიზის შედეგი ხშირად ხდება ერთ-ერთი ყველაზე ზუსტი მტკიცებულება, რადგან გენეტიკური პროფილი უნიკალურია. სწორედ ამიტომ კონტაქტური დნმ-ის აღმოჩენა საშუალებას აძლევს გამოძიებას დაადგინოს, ვინ შეეხო ნივთს და რა კავშირი აქვს მას დანაშაულის ადგილთან.

 ბალისტიკური ექსპერტიზა

ბიოლოგიური კვლევის დასრულების შემდეგ ნივთმტკიცება - ცეცხლსასროლი იარაღი, ბალისტიკურ ექსპერტიზაზე გადადის. ეს ეტაპი მიზნად ისახავს იარაღის ტექნიკური მახასიათებლების დადგენას და იმის გარკვევას, გამოიყენებოდა თუ არა ის კონკრეტულ დანაშაულში.

ბალისტიკური კვლევა რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. პირველ რიგში მოწმდება იარაღის ტექნიკური ვარგისიანობა - შეუძლია თუ არა მას გასროლის განხორციელება და რა მდგომარეობაშია მისი მექანიზმი. შემდგომ ექსპერტები იკვლევენ გასროლილი ტყვიებისა და მასრების ზედაპირზე დარჩენილ მიკრონიშნებს. თითოეული ცეცხლსასროლი იარაღი გასროლისას ტოვებს უნიკალურ, ინდივიდუალურ ნაკვალევს, რომელიც მის კონსტრუქციულ თავისებურებებსა და ცვეთას უკავშირდება. სწორედ ამ ნიშნების მიხედვით ხდება კონკრეტული იარაღის იდენტიფიცირება.

 

 მიღებული მიკრონიშნები შედარდება ბალისტიკურ მონაცემთა ბაზაში არსებულ ნიმუშებთან - ე.წ. ტყვია-მასროთეკასთან. პარალელურად ფასდება გასროლის ტრაექტორია, დისტანცია და ჭურვით მიყენებული დაზიანების ხასიათი, რაც შესაძლო სროლის გარემოებების რეკონსტრუქციის საშუალებას იძლევა.

ექსპერტი ზაზა ზაზაძე:

 „აღნიშნული გასროლით დავადგინეთ იარაღის ვარგისიანობა. ვიღებთ იარაღიდან გასროლილ ტყვიებს, ვადარებთ ტყვიამასროთეკის გაუხსნელ ობიექტებს და ვადგენთ, აღნიშნული იარაღით არის თუ არა დანაშაული ჩადენილი.“

ბალისტიკური ექსპერტიზის შედეგი გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი მტკიცებულებაა - იგი ადასტურებს ან გამორიცხავს იარაღის კავშირს კონკრეტულ მოვლენასთან. სხვა ექსპერტიზებთან ერთად, ასეთი დასკვნა საშუალებას იძლევა აღდგეს დანაშაულის მექანიზმი და ზუსტად განისაზღვროს გამოყენებული იარაღის როლი შემთხვევის განვითარებაში.

დოკუმენტების ექსპერტიზა

მუშაობა პარალელურად გრძელდება სხვა ნივთმტკიცებებზეც. გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური ექსპერტიზის ლაბორატორიაში გადაგზავნილი მასალები, შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი პასპორტი და ფულადი კუპიურები - დეტალურ შემოწმებას გადის.

დოკუმენტებისა და ფასიანი ქაღალდების ექსპერტიზა მრავალსაფეხურიან პროცესს მოიცავს. პირველ ეტაპზე ფასდება დოკუმენტის საერთო ვიზუალური მახასიათებლები, ბეჭდვის ხარისხი, ქაღალდის სტრუქტურა, შრიფტები, გრაფიკული ელემენტები. შემდგომ გამოიყენება სპეციალური პოლიგრაფიული და ოპტიკური მეთოდები: მიკროსკოპული დათვალიერება, ულტრაიისფერი და ინფრაწითელი განათება, დამცავი ნიშნების გამოვლენა და შედარება ორიგინალ ნიმუშებთან.

 

კვლევის შედეგად დგინდება, რომ ამოღებული ფულადი კუპიურები ავთენტურია - მათი დამცავი ელემენტები სრულად შეესაბამება ოფიციალურ სტანდარტს. თუმცა პასპორტის ტექნიკური კვლევა განსხვავებულ სურათს აჩვენებს. დეტალური ანალიზი ცხადყოფს, რომ დოკუმენტზე არ აღინიშნება ის დამცავი ნიშნები, რომლებიც ორიგინალურ ნიმუშებში უნდა ფიქსირდებოდეს. ექსპერტები ასკვნიან, რომ წარმოდგენილი პასპორტი ყალბია.

ექსპერტი თამარ კვერნაძე: 

„შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ნივთმტკიცება არის დიდი ბრიტანეთის მოქალაქის პასპორტი. მას ვადარებთ ნიმუშებს, რომლებიც ოფიციალურადაა წარმოდგენილი სხვადასხვა ქვეყნის ორგანიზაციების მიერ. ვხედავთ განსხვავებას - დამცავი ნიშნები, რომლებიც ულტრაიისფერი სხივების ქვეშ უნდა ჩანდეს, წარმოდგენილ დოკუმენტზე არ აღინიშნება. იმ შემთხვევაში, როდესაც თუნდაც ერთი ნიშანი განსხვავდება ნიმუშზე არსებული ანალოგიური ნიშნისგან, დოკუმენტი ყალბად ითვლება."

დოკუმენტის სიყალბის დადგენა გამოძიებისთვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. ის მიუთითებს, რომ სავარაუდო დამნაშავე იდენტობის დამალვას ან შეცვლას ცდილობდა. ასეთი დასკვნა ხშირად ხდება ის დამატებითი მტკიცებულება, რომელიც სხვა ექსპერტიზების შედეგებთან ერთად ეჭვმიტანილის იდენტიფიცირების და მისი მოქმედების სქემის აღდგენის პროცესს მნიშვნელოვნად აძლიერებს.

 

                      ვიდეოიდენტიფიკაცია 

გამოძიების ერთ-ერთ ყველაზე გადამწყვეტ ეტაპად ვიდეოჩანაწერების ანალიზი და სავარაუდო დამნაშავის იდენტიფიცირება მიიჩნევა. თანამედროვე კრიმინალისტიკაში ვიზუალური მტკიცებულება ხშირად ხდება ის რგოლი, რომელიც დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილ კვალსა და კონკრეტულ პიროვნებას შორის კავშირს ამყარებს. ამიტომ ვიდეომასალის სწრაფი ამოღება, დაცვა და ტექნიკური დამუშავება საგამოძიებო პროცესის პრიორიტეტულ ამოცანად ითვლება.

შემთხვევის ადგილის მიმდებარედ განთავსებული გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერები სხვადასხვა წყაროდან იკრიბება - კერძო ობიექტებიდან, ქუჩის ინფრასტრუქტურიდან, სატრანსპორტო მონაკვეთებიდან. მიღებული ვიდეომასალა პირველ რიგში მოწმდება ავთენტურობაზე, რათა გამოირიცხოს მისი ცვლილება ან დაზიანება, შემდეგ კი იწყება კადრების ტექნიკური გაუმჯობესება: გამოსახულების გასუფთავება, კონტრასტისა და სიმკვეთრის კორექცია, მოძრაობის სტაბილიზაცია.

ამ პროცესის მიზანი არის ვიდეოზე დაფიქსირებული პირის სახის, სხეულის პროპორციებისა და სხვა იდენტიფიცირებადი ნიშნების მაქსიმალურად მკაფიოდ გამოყოფა. დამუშავებული კადრი უკვე ფოტოს სახით გადადის ჰაბიტოსკოპიური კვლევის ეტაპზე, სადაც ადამიანის გარეგნული ნიშნების შედარება ხდება.

ჰაბიტოსკოპია ადამიანის იერსახის ანატომიური და მორფოლოგიური თავისებურებების ანალიზს ეფუძნება. ექსპერტები ერთმანეთს ადარებენ სახის სტრუქტურულ ელემენტებს, პროპორციებსა და ინდივიდუალურ ნიშნებს - ისეთ დეტალებს, რომლებიც ადამიანის ცხოვრების განმავლობაში პრაქტიკულად უცვლელია.

ექსპერტი გიორგი გიორგაძე:  

„ექსპერტიზაზე წარმოდგენილ ვიდეოგრამაზე ფიქსირდება პირის გამოსახულება, რომელიც სავარაუდოდ დამნაშავეა. ვიდეოს ვამუშავებთ და ვიღებთ გასუფთავებულ კადრს ფოტოს სახით, რომელიც შემდგომში შედარდება ჩვენს ჰაბიტოსკოპიურ მონაცემთა ბაზასთან. შედარება მიმდინარეობს ანთროპომეტრიული ნიშნების მიხედვით - ნიკაპის ფორმა, ნესტოსა და ლოყას შორის არსებული ნაოჭი, ყურის ფორმა, თმის დაფარვის ზოლი, წარბის ფორმა და ცხვირის ფორმა. ექვსი დამთხვევა გვაძლევს კატეგორიული დასკვნის საფუძველს, რომ ვიდეოზე დაფიქსირებული პიროვნება იდენტურია მონაცემთა ბაზაში არსებულთან.“

ვიდეოიდენტიფიკაცია კრიმინალისტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი მეთოდია, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დამნაშავე შემთხვევის ადგილს სწრაფად ტოვებს. ასეთ დროს სწორედ ვიზუალური მტკიცებულება ხდება ის ფაქტორი, რომელიც გამოძიებას კონკრეტული პირის იდენტიფიცირების საშუალებას აძლევს და სხვა ექსპერტიზების შედეგებთან ერთად ქმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას.

 

რეკონსტრუქციული სცენარის ეს მაგალითი ნათლად აჩვენებს, რომ დანაშაულის გახსნა მხოლოდ ოპერატიულ მოქმედებებს არ ეფუძნება - გადამწყვეტ როლს ასრულებს ექსპერტ-კრიმინალისტების სისტემური, ეტაპობრივი და მეცნიერულად დასაბუთებული მუშაობა.

შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილი თითოეული კვალი, ლაბორატორიაში ჩატარებული ყოველი ექსპერტიზა და მონაცემთა ბაზასთან შესრულებული თითოეული შედარება საბოლოოდ ერთ მთლიან სურათს ქმნის - სურათს, რომელიც ფაქტებითა და მტკიცებულებებით აღწერს დანაშაულს.

ექსპერტ-კრიმინალისტების საქმიანობა ხშირად შეუმჩნეველი რჩება ფართო საზოგადოებისთვის, თუმცა სწორედ მათი პროფესიონალიზმი უზრუნველყოფს, რომ დანაშაულის გამოძიება ემყარებოდეს არა ვარაუდს, არამედ ზუსტ მეცნიერულ მტკიცებულებას.

ამიტომაც კრიმინალისტიკის მთავარი პრინციპი - კვალი ყოველთვის არსებობს -  პრაქტიკაში ყოველთვის მტკიცდება.

 

ავტორი: სანდრო კაჭახიძე

 

 

 

 

 

დღის ამბები