სოციალურ ქსელებში დაწყებულ დეზინფორმაციულ კამპანიას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ეხმაურება. საუბარია, ოპოზიციონერი აქტივისტების განცხადებებზე, თითქოს სუს-ის უფროსი ქონებრივ დეკლარაციას მალავს. უწყებაში დღეს კიდევ ერთხელ განმარტეს, რომ მამუკა მდინარაძე დეკლარაციას ყოველწლიურად, კანონის შესაბამისად ავსებს, რომელზეც წვდომა აუდიტის სამსახურს აქვს, თუმცა ინტერნეტში მისი გასაჯაროება უსაფრთხოების სტანდარტებიდან და სტრუქტურის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ხდება. სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში საუბარია მსოფლიო პრაქტიკაზე, რომელიც მსგავსი თანამდებობის მქონე პირებზე ვრცელდება. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ბრიტანეთში, ისრაელსა და ევროპის განვითარებულ ქვეყნებში უსაფრთხოების სამსახურების ხელმძღვანელ პირებს არათუ გასაჯაროება, დეკლარაციის შევსებაც კი არ ევალებათ. მიუხედავად ამისა, საქართველოში მზადდება კანონმდებლობა, რომლის მიხედვითაც სუს-ის მაღალი თანამდებობების პირთათვის მსგავსი ინფორმაციის წარდგენა სავალდებულო, თუმცა არასაჯარო იქნება.
ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან მამუკა მდინარაძის დისკრედიტირების მცდელობა, პირდაპირ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ეფექტურ საქმიანობას უკავშირდება მმართველი გუნდის წევრებისთვის. სახელისუფლებო პარტიაში განმარტეს, რომ მდინარაძე თანამდებობრივ ანგარიშვალდებულებას ყოველთვის ასრულებს. სუს-ის უფროსის პერსონალური მონაცემებისა და მისამართების საჯაროობა კი დამატებით უსაფრთხოების გამოწვევებს ქმნის. კანონმდებლებმა დღეს ბრიტანეთის, შეერთებული შტატებისა და ისრაელის მაგალითებიც გაიხსენეს, სადაც კანონი მსგავს სტრუქტურაში მომუშავე პირებს ინფორმაციის კონფიდენციალურობას ავალდებულებს.
რა პრაქტიკა მუშაობს უსაფრთხოების სამსახურების მაღალი თანამდებობების მიმართ დასავლეთში - ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, დღეს ნინო ლომჯარიამ და სოცმედიაში დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეებმა არ ისურვეს.
უცხოურ კანონმდებლობას არ იცნობენ, თუმცა პერსონალური ინფორმაციის, ღია წყაროებში ხელმისაწვდომობის აუცილებლობაზე მაინც საუბრობენ ოპოზიციაში.
ოპონენტების მხრიდან საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანისა და სიმულაციური რეალობის შექმნის მორიგ მცდელობაზე საუბრობენ სახელისუფლებო გუნდში. პოლიტიკოსების თქმით, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ მოქმედი კანონით ნაკისრ ვალდებულებებს ყველა საჯარო მოხელე ასრულებს და ეს ოპოზიციისთვისაც ცნობილია. სუს-ის უფროსის წინააღმდეგ დაწყებული კამპანიის მიზეზი კი უსაფრთხოების სამსახურის ეფექტური საქმიანობა და მაღალი რეიტინგია.
მამუკა მდინარაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსად 2025 წლის სექტემბერში დაინიშნა. უწყებაში მდინარაძის მისვლის შემდეგ, სპეცსამსახურმა არაერთი კორუფციული, ანტიტერორისტული და ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება აღკვეთა.