ზუგდიდში პოლიტიკური გაერთიანება "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. დადიანების სასახლეთა ისტორიული კომპლექსის ეზოში პარტიის ლიდერებმა 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესსა და სამომავლო სტრატეგიებზე ისაუბრეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლები ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ, გააცნეს საკუთარი პოლიტიკური ხედვები, პრიორიტეტები და რეგიონთან დაკავშირებული გეგმები.
ითქვა ისიც, რომ გაერთიანების მთავარი მიზანი სუვერენიტეტისა და ეროვნული ინტერესების საფუძველზე საზოგადოების გაერთიანება და ქვეყნის სტაბილური განვითარების ხელშეწყობაა.
"ქალაქ ზუგდიდის ცენტრში რეგიონული წარმომადგენლობის გახსნა მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ნიშნავს კიდევ უფრო ახლო ყოველდღიურ ურთიერთობას მოსახლეობასთან. ეს იქნება ერთგვარი აქტიური სივრცე, სადაც მოქალაქეები, თანამოაზრეები, მათ შორის, ახალგაზრდები თავისუფლად შეძლებენ მოსვლას, საკუთარ და ზოგად გამოწვევებზე საუბარს და, რაც მთავარია, წარმომადგენლობისგან მიიღებენ მაქსიმალურ მხარდაჭერასა და თანადგომას," - განაცხადა პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონულმა წარმომადგენელმა, ირაკლი ბაღათურიამ.