ამ წუთებში პარლამენტში სტრუქტურულ ცვლილებებს განიხილავენ. "საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" კანონპროექტს სესიაზე დეპუტატებს პირველი მოსმენით მთავრობის საპარლამენტო მდივანი აცნობს.
ცვლილებების თანახმად, ქვეყანას ახალი სახელმწიფო მინისტრი ეყოლება, სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში - ამ თანამდებობას მამუკა მდინარაძე დაიკავებს, რომელიც პარალელურად ვიცე-პრემიერის პოსტს ჩაიბარებს. პარლამენტში დღესვე სუს-ის ხელმძღვანელის პოსტზე წარდგენილ გელა გელაძეს მოუსმენენ და მის დამტკიცებას უყრიან კენჭს.
პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე აცხადებს, რომ აღნიშნული თანამდებობა საქართველოს მთავრობაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება და მიიჩნევს, რომ მამუკა მდინარაძეს დანიშვნა ეფექტური გადაწყვეტილება იქნება. მისი თქმით, მცირე დროში გამოჩნდება მისი მუშაობის შედეგები, როგორც ეს ადრე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში საქმიანობისას მოხდა.
ტაბატაძის შეფასებით, უსაფრთხოების სამსახურმა მოკლე პერიოდში მნიშვნელოვნად გააძლიერა ქვეყნის შიდა და გარე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შესაძლებლობები. ასევე აღნიშნა, რომ განხორციელდა რეფორმები, მათ შორის საგარეო დაზვერვის სამსახურის ინტეგრაცია შესაბამის სტრუქტურაში, რომელშიც მდინარაძეს მნიშვნელოვანი წვლილი ჰქონდა.
"ეს იქნება ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პოზიცია საქართველოს მთავრობაში. ამ პოზიციაზე მამუკა მდინარაძის დანიშვნა იქნება ძალიან ეფექტური და მე ვარწმუნებ ყველა ჩვენს ოპონენტს, რომ დანიშვნიდან ძალიან მცირე დროში ვნახავთ, როგორი იქნება მისი მუშაობა, ეს გვახსოვს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან. ამ უახლეს დროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა შეძლო წარმოუდგენლად მოკლე დროში იმ ინფორმაციების თავმოყრა და ზრდა, რომელიც დღეს არსებობს ჩვენი ქვეყნის როგორც შიდა უსაფრთხოების, ისე გარე უსაფრთხოებიდან მომდინარე. იცით, რომ ჩვენ რეფორმაც გავაკეთეთ და ამ რეფორმების ერთ-ერთი ავტორის პატრონი მამუკა მდინარაძე იყო და საგარეო დაზვერვის სამსახური შევიდა უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სტრუქტურაში.
საზოგადოებამ კარგად ნახა ის ბრძოლა, რომელიც შეეხება კორუფციას და კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით ეს წარმოუდგენელი შედეგებია უახლეს საქართველოს ისტორიაში ვიტყოდი და არა უახლეს პერიოდში. კარგად ვნახეთ ჩვენ ის კონტრდაზვერვითი საქმიანობა, რომელსაც დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს და სულ რამდენიმე დღის წინ ეს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა და მინდა გითხრათ, დაგარწმუნოთ, რომ აღნიშნული სამსახური იმდენად არის გაძლიერებული, რომ რაღაც გარკვეული დროის შემდეგ ალბათ საზოგადოებისთვის კიდევ უფრო მეტი გახდება ცნობილი.
ასევე აღვნიშნავ კონტრტერორისტული მიმართულებით იმ წარმატებებს, რომლებიც აღნიშნულ სამსახურს გააჩნია. აღვნიშნავ მის საერთაშორისო ურთიერთობებში ძალიან კარგ გარღვევას. ეს არის წარმოუდგენლად მოკლე დროში გაკეთებული ის დიდი საქმეები, რომლებიც ბატონმა მამუკამ შეძლო მისი ხელმძღვანელობის დროს.
ძალიან ეფექტურად იმუშავა, თუნდაც 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით. აქაც სწორედ კოორდინაციის ხარჯზე მოხდა ეს ყველაფერი, რომ ერთი დღის განმავლობაში მოხდა იმ საფრთხეების აღკვეთა, რისი სურვილიც ჰქონდა ამ შემთხვევაში ჩვენს ოპონენტებს. სწორედ ამ კოორდინაციის შედეგი იყო ის, რომ ასე ეფექტურად მოხდა თავიდან აცილება იმ უმძიმესი დანაშაულისა, რომელიც ჩვენს ქვეყანას მიიყვანდა ძალიან სავალალო შედეგამდე“, - აცხადებს პარლამენტის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ალექსანდრე ტაბატაძე.