ჯანდაცვის სამინისტროსა და დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით და კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის და საგარეჯოს მერიის მხარდაჭერით, სკრინინგის ფართომასშტაბიანი კამპანიის ფარგლებში, მორიგი გამოკვლევები საგარეჯოს მუნიციპალიტეტში ჩატარდა. მოქალაქეებს, სრულიად უფასოდ ჩაუტარდათ ძუძუსა და საშვილოსნოს ყელის გამოკვლევები. ასევე, არაგადამდები დაავადებების, B და C ჰეპატიტების, აივ ინფექციის სკრინინგი.
კვლევები, ადგილზე, კვალიფიციურმა სამედიცინო პერსონალმა, თანამედროვე მეთოდებითა და სტანდარტებით ჩაატარა. აქცია საგარეჯოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მხარდაჭერით გაიმართა.
კვლევების შედეგად გამოვლენილი შემთხვევების შემდგომი დიაგნოსტიკა და მკურნალობა შესაძლებელია - ონკოლოგიის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, რომელიც მოიცავს კვლევების და მკურნალობის ფინანსურ მხარდაჭერას, არაგადამდები დაავადებების კონტროლი ხელმისაწვდომია პირველადი ჯანდაცვის დონეზე, სახელმწიფო ასევე, სრულად აფინანსებს B და C ჰეპატიტებისა და აივ ინფექციის დიაგნოსტიკასა და თერაპიას, რაც უზრუნველყოფს მოსახლეობის ხელმისაწვდომობას საჭირო სამედიცინო მომსახურებებზე.
კამპანიის ფარგლებში სკრინინგული ღონისძიებები უკვე ჩატარდა აჭარაში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში და კახეთში.
"ძალიან ბევრი ჯავშანი არის, ბევრი მსურველი არის ჩაწერილი, ყველას აქვს სურვილი, რომ ჩაიტაროს სკრინინგი და გამოავლინოს ადრეულ ეტაპზე თუ რამე დაავადება აქვს. მადლობა მინდა ვუთხრა ადგილობრივ ხელმძღვანელობას, ისევე როგორც საზოგადოებრივ ჯანდაცვას კარგი ორგანიზებისთვის, ხოლო პირადად სამინისტროს და მინისტრს მადლობა იმისთვის, რომ ასეთი დიდი მხარდაჭერა აქვს ამ კამპანიას", - აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ირაკლი ფურცელაძე.