01 აგვისტო 2026,   00:25
ვრცლად
საინიციატივო ჯგუფის მიმართვა კანონმდებლებს - ეროვნული და რელიგიური ფასეულობების დაცვის ახალი ინიციატივა

იურისტები, კანონმდებლები და ისტორიკოსები - ეს არასრული ჩამონათვალია იმ სფეროს წარმომადგენლების, რომლებთან შეხვედრასაც საინიციატივო ჯგუფის წევრები იწყებენ. პირველ ეტაპზე კონსულტაციები სამართლის სპეციალისტებთან გაიმართება. ახლად დაფუძნებული ჯგუფის წევრები ამბობენ, რომ მათი ინტერესია ისეთი საკანონმდებლო ბაზა მომზადდეს, რომელიც ეკლესიას, ისტორიულ გმირებს და ეროვნულ ფასეულობებს კანონით დაიცავს და არ შეზღუდავს სიტყვის თავისუფლებას.

საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტს წარედგინება. სწორედ კანონმდებლებმა უნდა მისცენ დოკუმენტს საბოლოო რედაქცია და პროექტი კანონად აქციონ. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე და წევრები კონსულტაციებისთვის მზად არიან. ამბობენ, რომ მსჯელობის დროს მთავარი აქცენტი იმაზე გაკეთდება, რომ ინიციატივა სრულ თანხვედრაში იყოს საქართველოს კონსტიტუციასთან და საერთაშორისო ნორმებთან.

ეროვნული მნიშვნელობის საკითხების დაცვის სხვადასხვა პრაქტიკა არსებობს არაერთ ქვეყანაში. ბრიტანული მოდელის მიხედვით, საჯარო სივრცეში, მაგალითად, სამეფო ღონისძიებების დროს, აგრესიულ ქმედებას ან შეურაცხმყოფელ ბანერს შესაძლოა პირის დაკავება მოჰყვეს. სამ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს პოლონეთში - თუ პირი პოლონელ ერს ან რესპუბლიკას საჯარო შეურაცხყოფას მიაყენებს. რელიგიური გრძნობების დაკნინება კი სოლიდური ჯარიმით ისჯება ესპანეთში.

საინტერესო და დასაფიქრებელი, ასე აფასებენ ისტორიკოსები, ექსპერტები და იურისტები საკანონმდებლო ინიციატივების მომზადების იდეას.

მათი თქმით, დოკუმენტი ყველა სამართლებრივ მოთხოვნას უნდა აკმაყოფილებდეს. ექსპერტები სხვა ქვეყნების გამოცდილებაზეც საუბრობენ. ისტორიკოსების ნაწილი კი მიიჩნევს, რომ საგანმანათლებლო პროგრამებში მეტი ეროვნული ღირებულებების მნიშვნელობის საკითხების დამატებაა სასურველი.

ეროვნული იდენტობის საკითხების დაკნინების მცდელობებზე ისაუბრა "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა. კახა კალაძის თქმით, წლების განმავლობაში გარე ძალების დავალებით კონკრეტული ჯგუფები მიზანმიმართულად ახდენდნენ სახელმწიფო მნიშვნელობის თემების დისკრედიტაციას.

საინიციატივო ჯგუფის წევრები ვარაუდობენ, რომ სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებთან აქტიური კონსულტაციების პირობებში საკანონმდებლო წინადადება მზად სექტემბრისთვის იქნება.

დღის ამბები