გადაწყვეტილება, რომელიც საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ქვეყნად აქცევს - დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის სამკურნალო მედიკამენტი სახელმწიფო პროგრამაში ჩაერთვება. ხელშეკრულება გაფორმებულია: საქართველოს ხელისუფლებასა და იტალიურ კომპანიას შორის მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. საქართველო "ჯივინოსტატის" დანერგვის პროცესს აგვისტოში დაიწყებს, რაც შესაბამისი პროტოკოლებისა და წესების შემუშავებას, სათანადო კლინიკური ბაზის მომზადებას და ყველა იმ ინსტრუმენტის გამოყენებას, გულისხმობს, რომელიც მედიკამენტის იმპლემენტაციისთვის არის აუცილებელი.
"ჯივინოსტატი" ის ერთ-ერთი მედიკამენტია, რომელსაც პროცესის დასაწყისიდან საქართველოს ხელისუფლება პერსპექტიულ მედიკამენტად განიხილავდა. ბრიტანეთის მარეგულირებელმა მედიკამენტი დასაშვებად მაისის ბოლოს ცნო, ამ გადაწყვეტილებამ კი გავლენა საბოლოო შედეგზე მოახდინა.
ჯივინოსტატი" გამონაკლისი არ არის, ჯანდაცვის სამინისტრო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის პროგრამის შემდგომი გაფართოების მიზნით, მოლაპარაკებებს აქტიურად განაგრძობს. ამ პროცესსა და ინოვაციური მედიკამენტის შემოტანას, დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები დიდ გამარჯვებად აფასებენ. დაპირება, რომელიც მათ მთავრობისგან მიიღეს, მალევე რეალობად იქცა. პრემიერ მინისტრის ინიციატივით, ორი თვის წინ სპეციალური სამუშაო ჯგუფი დაკომპლექტდა, რომლის წევრებიც იშვიათი დაავადების მქონე ბავშვების მშობლებიც არიან. მშობლები, მედიკამენტის შერჩევის პროცესშიც აქტიურად იყვნენ ჩართულები. ეს თანამშრომლობა კი მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველოს მთავრობასთან მუშაობის გაგრძელებას აპირებს იტალიური ფარმაცევტული კომპანიაც. "იტალფარმაკოს" აღმასრულებელი დირექტორი, საქართველოს ხელისუფლების იმ ძალისხმევაზე საუბრობს, რომლის შედეგადაც ქვეყანაში, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტებისთვის ინოვაციური მედიკამენტი ხელმისაწვდომი ხდება.
"ჯივინოსტატს", ყველაზე იმედის მომცემ მედიკამენტად აფასებენ ქართველი ექიმები. მედიკოსების განცხადებით, არსებულ პრეპარატებს შორის, ეს ის წამალია, რომელიც პაციენტების მდგომარეობასაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს.
სახელმწიფო პროგრამას კიდევ ერთი ინოვაციური მედიკამენტი ემატება - საქართველო დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე სამკურნალო "ჯივინოსტატის" გამოყენებას, სავარაუდოდ სექტემბრიდან დაიწყებს.