"ტყუპების მარნის" დამფუძნებელი გელა გამტკუცულაშვილი "რუსთავი 2-ის" გადაცემა "დებატებში" ღვინის სექტორში შესულ ახალ რეგულაციებს დადებითად აფასებს.
მევენახის განმარტებით, ხარისხიანი პროდუქტის მისაღებად ნიადაგი და კლიმატი გადამწყვეტი ფაქტორებია. რაც შეეხება ახალ რეგულაციებს, რომლებიც უკვე მოქმედებაში შევიდა, ისინი დარგის განვითარებისთვის სტრატეგიულად აუცილებელია:
"მინდა აღვნიშნო, რომ ეს რეგულაციები, რომლებიც მივიღეთ და მოქმედებაში შევიდა, ალბათ, ძალიან მნიშვნელოვანია. ყველანი დამეთანხმებით, რომ არ არსებობს ხარისხიანი ღვინო ხარისხიანი ყურძნის გარეშე და ხარისხიანი ყურძენი არ არსებობს ხარისხიანი ვენახის გარეშე.
ხარისხიანი ვენახი თუ გვინდა, ის უნდა იყოს კარგ ნიადაგზე გაშენებული, რომელიც შეესაბამება კლიმატურ პირობებსა და ნიადაგს, რაც საფუძველი იქნება ხარისხიანი ყურძნისა და ღვინის მისაღებად. მე ამ რეგულაციებში პრობლემას ვერ ვხედავ, ყველაფერი ძალიან კარგად არის გაწერილი; ასევე, აქ არ არის დამატებითი ფინანსური რესურსები მოთხოვნილი, რომ ფერმერს გაუჭირდეს ნებართვის მიღება, რაც აუცილებელია ვენახის გასაშენებლად.
ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია ის დადგენილება, რომელიც 2027 წლის 1-ელი თებერვლიდან უნდა ამოქმედდეს და სადაც საუბარია ღვინის ხარისხზე. ღვინის ხარისხი ძალიან მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ჩვენთვის - საწარმოებისთვის, რომლებიც ვერ ვაწარმოებთ დიდი რაოდენობის ყურძენს, ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა.
დღეს, მე ვფიქრობ, რომ ყველაზე დიდი პრობლემა არის ყურძნის ჩაბარების თემა, სადაც საჭიროა ფერმერებთან მიდგომის აუცილებლობა.
დღეს ჩვენი კანონი და რეგულაციები გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ მევენახემ თავად აწარმოოს ღვინო. ძალიან ბევრი თანხა დაიხარჯა სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით - თუნდაც მცირე მარნების განვითარებისთვის, ვენახების გაშენებისათვის, თუმცა, ვფიქრობ, ამ თვალსაზრისით მეტია გასაკეთებელი. თუ ფერმერს ექნება იმის უნარი და საშუალება, რომ თავისი ყურძენი თვითონ გადაამუშაოს და სახელმწიფოს არ მოსთხოვოს მისი ყურძნის ჩაბარება, არამედ სთხოვოს, ღვინის გაყიდვაში მიეხმაროს, ეს ნაწილობრივ გააუმჯობესებს მდგომარეობას", - აცხადებს გელა გამტკუცულაშვილი.