ჩემთვის პატივია, ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი, - აღნიშნა საქართველოს ელჩმა ამერიკის შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
თამარ ტალიაშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამოგზავნილ მილოცვებს აფასებს და მათში გაჟღერებულ გზავნილებს იზიარებს.
„ქალბატონებო და ბატონებო, თქვენო აღმატებულებავ, ძვირფასო მეგობრებო, საღამო მშვიდობისა. ჩემთვის დიდი პატივია და სასიხარულოა ამ საღამოს თქვენი მასპინძლობა. საქართველოში ძველი გამონათქვამი გვაქვს: „სტუმარი ღვთისაა“. ზუსტად ასე ვგრძნობ თავს ამ საღამოს. ჩემთვის პატივია ვიზეიმო ჩვენი ერების ორი მნიშვნელოვანი მოვლენა - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე და აშშ-ის დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავი. ნება მომეცით ხაზი გავუსვა, რომ საქართველოს ხელისუფლება - პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი და საგარეო საქმეთა მინისტრი პრეზიდენტ დონალდ ტრამპისა და სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს მილოცვებს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ძალიან აფასებენ. ისინი იქ გაჟღერებულ მესიჯებს ცალსახად იზიარებენ და აცხადებენ, რომ მიმდინარე წელი გვაძლევს ახალ შესაძლებლობებს ამერიკელ და ქართველ ხალხებს შორის მეგობრობა გავაძლიეროთ, ჩვენი დიდებული ერების უსაფრთხოების, კეთილდღეობის და საერთო სულისკვეთების განვითარებისთვის. არსებობს რაღაც სიმბოლური, სულიერი იმაში, რომ ეს წელი არის ისტორიულად მნიშვნელოვანი ჩვენი ორი ქვეყნისთვის. შეერთებული შტატები დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს აღნიშვნას, მაშინ როცა საქართველო ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავს ზეიმობს. საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად პრემიერ-მინისტრმა მისი უწმინდესობის პატრიარქ ილია მეორის დიდი მემკვიდრეობა აღნიშნა და შეგვახსენა მისი უკვდავი გზავნილი: „ღმერთი, სამშობლო, ადამიანი“, - აღნიშნა მან.
ელჩის თქმით, მიმდინარე წელი განსაკუთრებული მნიშვნელობისაა როგორც საქართველოსთვის, ისე აშშ-ისთვის და ორ ქვეყანას შორის მეგობრობისა და თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობას ქმნის.
„პრეზიდენტმა რონალდ რეიგანმა სწორად შენიშნა, რომ თავისუფლება ვითარდება იქ, სადაც რელიგია ცოცხალია, ხოლო ღვთის კანონები აღიარებულია. სხვა სიტყვებით, იდენტური სულისკვეთებით ორივე ქვეყანა ამას ერთნაირად აღიქვამს - თავისუფლება მორალური საყრდენის გარეშე ვერ გადარჩება, ხოლო ძლიერი საზოგადოება დგას ღირსებასა და წყალობაზე. ძვირფასო მეგობრებო, მსურს გაგიზიაროთ ჩემი პერსონალური შეხედულებები რომელიც ელჩად მუშაობის დროს ჩამომიყალიბდა. ორ ქვეყანას დინამიკურობა ახასიათებს, განსაკუთრებული ძალა გადალახოს გამოწვევები, არასდროს დანებდეს რთულ დროს და მუდამ ძლიერი გამოვიდეს გამოწვევებიდან. სიმტკიცეზე საუბრისას არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩვენს შორის მყოფი გმირები, ისინი, რომელთა ყოფნა ამ ოთახში გვახსენებს მშვიდობის, თავისუფლებისა და სუვერენიტეტის ნამდვილ ფასს. შეერთებული შტატები და საქართველო იზიარებენ ღრმა ტრადიციას იდგნენ მხარდამხარ ამ კუთხით. მათ მიერ გაღებული მსხვერპლი ჩვენი პარტნიორობის ერთ-ერთი ძლიერი საყრდენია. ამ სულისკვეთებით ჩვენ მივუძღვენით მათ გამოფენა, რათა ვაჩვენოთ ქართველების ყოფა და მიღწევები შეერთებულ შტატებში, რომლებსაც დიდი წვლილი შეაქვთ ამ შესანიშნავი ქვეყნის მშენებლობაში. მათი ისტორიები გვახსენებს, რომ ქართულ-ამერიკული კავშირი არის არა მხოლოდ დიპლომატიური და სტრატეგიული, არამედ მას აქვს ღრმა ცივილიზაციური პრინციპები. ამის გათვალისწინებით, მოდით გავაგრძელოთ ერთად მუშაობა ჩვენი ორი ერის და ზოგადად კაცობრიობის მშვიდობის, კეთილდღეობისა და ნათელი მომავლისთვის“, - განაცხადა ტალიაშვილმა.